Thumbnail

კვიპროსის ჩემპიონატის 30-ე ტურში თემურ ქეცბაიას ანორთოსისი შინ ლიმასოლის აელ-თან დამარცხდა (1:2), მატჩის შემდეგ კი, ქართველმა სპეციალისტმა გულახდილად ილაპარაკა. თემურის თქმით, მის გუნდს წაგება არ დაუმსახურებია და იღბალიც მეტოქის მხარეს იყო. ქეცბაიამ კომენტარი მომავალზეც გააკეთა და აღნიშნა, რომ სავარაუდოდ, ანორთოსისთან კონტრაქტს არ განაახლებს.

"ორჯერ შემოგვიტიეს და ორჯერ გაგვიტანეს. გარკვეულ მომენტებში იღბალია საჭირო. ფეხბურთელებთან პრეტენზია არ მაქვს, მათ ყველაფერი გაიღეს. იღბალი ჩვენს მხარეს რომ იყოს, უფრო მეტი ქულა გვექნებოდა. ძალიან იმედიანად ვუყურებთ თასის გათამაშებას, რადგან იქ მხოლოდ ორი ნაბიჯია გადასადგმელი. ახალი კონტრაქტი? მოდით, ეს სეზონი დამთავრდეს. დიდი ალბათობით, მე ანორთოსისში აღარ ვიქნები. ახლა სეზონის დასრულებაზე ვართ ორიენტირებული. ჩვენ აქამდე ბევრი გავაკეთეთ, მათ შორის მეც, როგორც მწვრთნელმა. იმდენი, რაც 11 წლის განმავლობაში არ გაკეთებულა. შარშან ჩვენ ჩემპიონობა შეგვეძლო, ამის დიდი შანსიც გვქონდა, მაგრამ რაც მოხდა, ყველამ ვიცით. წელს თასის მოგების შანსი გვაქვს და მათემატიკური შანსი ჩემპიონატშიც არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, ეს რთული იქნება", - თქვა ქეცბაიამ, რომელსაც კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება.

ქეცბაიას ანორთოსისს 4 ტურია არ მოუგია

ქეცბაიას საკითხზე კომენტარი ანორთოსისის სპიკერმა დიმიტრის ხრისტოფორუმ გააკეთა: "ახალ კონტრაქტზე საუბრის დრო არ არის. ძალიან მნიშვნელოვანია ევროსაგზურის მოპოვება. გუნდი ცდილობს მაქსიმუმს მიაღწიოს ჩემპიონატსა და თასის გათამაშებაში".

შეგახსენებთ, რომ აელ-თან ფამაგუსტელთა ერთადერთი გოლი გიორგი ქვილითაიამ გაიტანა, თანაც ძალიან ეფექტური. ანორთოსისი ცუდ ფორმაშია, ბოლო 4 ტურია არ მოუგია (2 ქულა) და 53 ქულით სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა. ლიდერთან ჩამორჩენა 13 ქულაა, იმ ფონზე, როდესაც სეზონის ბოლომდე მხოლოდ 6 ტურია დარჩენილი. პარალელურად, ფამაგუსტელები კვიპროსის თასის ნახევარფინალში არიან გასულები.

📺 გიორგი ქვილითაიას ფანტასტიკური გოლი აელ-თან

კომენტარები

ბოლო ამბები