Thumbnail
  • ანორთოსისი 1:2 აელ
  • ქართველმა თავდამსხმელმა სეზონში მე-14 გოლი შეაგდო

კვიპროსის ჩემპიონატის 30-ე ტურში გიორგი ქვილითაიამ ულამაზესი გოლი გაიტანა, მაგრამ ანორთოსისს ეს არაფერში გამოადგა, რადგან თემურ ქეცბაიას გუნდი საკუთარ მოედანზე ლიმასოლის აელ-თან დამარცხდა და ჩემპიონობის შანსი კიდევ უფრო შეუმცირდა.

ფამაგუსტელებმა მე-12 და 43-ე წუთზე დაცვაში ორჯერ ითამაშეს ძალიან ცუდად და ორჯერვე სტუმრებმა გოლი გაიტანეს, რითაც გადამწყვეტი უპირატესობა მიიღეს. პირველი ტაიმის მიწურულს, მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-4 წუთზე ერთი ბურთი ქვილითაიამ გაქვითა.

ქართველმა ფორვარდმა ფანტასტიკურად ითამაშა, 3 მცველი მოატყუა, მეკარესთან პირისპირ გავიდა და ანგარიშის სხვაობა შეამცირა. გიორგიმ მიმდინარე სეზონში მე-14 გოლი გაიტანა და ბომბარდირობისთვის იბრძვის. მან გიორგი ლორიასა და ბუბა დაუშვილის მსგავსად 90 წუთი ითამაშა, ხოლო თორნიკე ოქრიაშვილი 76-ე წუთზე შეცვალეს.

ანორთოსისი ცუდ ფორმაშია, ბოლო 4 ტურია არ მოუგია (2 ქულა) და 53 ქულით სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა. ლიდერთან ჩამორჩენა 13 ქულაა, იმ ფონზე, როდესაც სეზონის ბოლომდე მხოლოდ 6 ტურია დარჩენილი.

კომენტარები

ბოლო ამბები