Thumbnail

მიმდინარე უქმეებზე 6 ერისა და რაგბი ევროპის ჩემპიონატის მორიგი მატჩები ისე დასრულდა, რომ იდეამ ევროპულ რაგბში დაქვეითება-აღზევების შესახებ კიდევ ერთხელ იფეთქა. ცხადია, საუბარი კვლავ იტალიისა და საქართველოს ნაკრებებზეა. პირველმა მორიგი შეხვედრა წააგო უშანსოდ, მეორემ კი კვლავ დამაჯერებლად იმარჯვა, რაც ბოლო წლებისთვის მახასიათებელ მოვლენად იქცა. ამის შესახებ ამჯერად Planetrugby-მ დაწერა, რომელიც ყოველთვის კონსერვატული მიდგომებით გამოირჩეოდა, ახლა კი, როგორც სჩანს, უსახური “აძურის” ყურება მათაც მოსწყინდათ.

აღზევება-დაქვეითება აუცილებელია

“გვესმის, რომ თანამედროვე იტალიის ნაკრებში არაერთი ნიჭიერი მორაგბეა, თუმცა, ისიც ცხადია, რომ ადრე ისინი უფრო ბევრნი იყვნენ. ეს, ალბათ ყველაზე ცუდი იტალიის ნაკრებია, რაც კი მათი 6 ერში გამოჩენის დღიდან გვიხილავს, არადა, ეს პერიოდი უკვე 20 წელზე მეტს მოიცავს. შესაბამისად, ტურნირისთვის ისეთი სისტემაა მოსაფიქრებელი, რომელიც შანსს სხვა გუნდებსაც მისცემს. ბევრის აზრით, ბოლო პერიოდში რეგრესი აქვს საქართველოსაც, თუმცა, ამაზე საუბარი არ შეიძლება მანამდე, სანამ მათ ტოპ-ნაკრებებთან რეგულარულად თამაშის საშუალება არ ექნებათ. საერთო ჯამში, ისეთი სიტუაცია უნდა მივიღოთ, როდესაც თავის შანსს იტალიაც მიიღებს და საქართველოც, არცერთი არ უნდა დაიჩაგროს”.

შეგახსენებთ, რომ გუშინ იტალიამ შოტლანდიაში 10:52 წააგო, მანამდე კი იყო წარუმატებელი შეხვედრები საფრანგეთთან (10:50), ინგლისთან (18:41), ირლანდიასთანა (10:48) და უელსთან (7:48). საერთო ჯამში, “აძურის” 6 ერზე უკვე ზედიზედ 32 მატჩი აქვს წაგებული, წლევანდელ ერზე კი საერთოდაც სამარცხვინო სტატისტიკა გააჩნია: 0 ქულა, ბურთები 55:239 და ლელოები – 6:34. ამ ფონზე, საქართველოს ნაკრებმა სამივე მატჩი სტუმრად მოიგო და უდიდესი ალბათობით, რაგბი ევროპის ჩემპიონატს კიდევ ერთხელ, ბოლო 13 წელში მეთორმეტედ მოიგებს.

📺 რუსეთი 6:23 საქართველო [მიმოხილვა]

კომენტარები

ბოლო ამბები