Thumbnail

შალკე ვიცე-ჩემპიონია, დორტმუნდი ვაიდენფელერს საკადრისად ვერ დაემშვიდობა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ბუნდესლიგაში ბოლოსწინა ტურის შეხვედრები გაიმართა
  • გელზენკირხენის შალკემ სტუმრად აუგსბურგი დაამარცხა და მეორე ადგილი გაინაღდა
  • დორტმუნდმა შინ მაინცთან წააგო, ჰოფენჰაიმმა - სტუმრად შტუტგარტში

შალკე ვიცე-ჩემპიონია!

შალკემ დროულად შეწყვიტა ბუნდესლიგაში სამმატჩიანი მოუგებელი სერია, სტუმრად დაამარცხა აუგსბურგი და ბუნდესლიგის ვერცხლი გაინაღდა. 

"WWK-არენაზე" კურიოზული გოლების დღე იყო, თამაში კი საკმაოდ საინტერესო გამოდგა - ორივე გუნდმა ჯამში 27 დარტყმა განახორციელა (12 კარის ჩარჩოში). მცირე უპირატესობა შალკეს ჰქონდა და ანგარიშიც სტუმრებმა დამსახურებულად გახსნეს - 23-ე წუთზე, გვიდო ვურგშტალერის გადაცემის შემდეგ, ტილო კერერმა ბურთს ფეხი სწორად შეაგება.

აუგსბურგმა სწრაფადვე უპასუხა. 27-ე წუთზე მასპინძლებმა სტანდარტი სწრაფად გაათამაშეს, დანიელ ბაიერის პასით კი ფილიპ მაქსმა იხეირა. შალკეს ფეხბურთელების პროტესტის მიუხედავად, არბიტრმა გოლი ჩათვალა.

მატჩის მესამე გოლიც მალევე გავიდა - 34-ე წუთზე დუბლი სტუმართა მცველმა შეასრულა, რომელსაც გატანაში მასპინძელი ალვრედ ფინბოგასონიც წაეხმარა.

შალკეს მეკარე რალფ ფერმანს ემოციების დამალვა არც უცდია

დარჩენილ ერთ საათში გატანა უაგსბურგსაც შეეძლო და შალკესაც, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა. გელზენკირხენელებმა ისარგებლეს დორტმუნდის ბორუსიისა და ჰოფენჰაიმის წაგებებით და დომენიკო ტედესკოს სადებიუტო სეზონშივე ვიცე-ჩემპიონობა გაინაღდეს.

ვაიდენფელერი დარჩა სკამზე 

დორტმუნდი-მაინცის შეხვედრის მთავარი მოვლენა, მასპინძლების მიერ ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება კი არა, რომან ვაიდენფელერის გულშემატკივრებთან გამომშვიდობება უნდა გამხდარიყო. ეს მატჩი "სიგნალ იდუნა პარკზე" ბოლო უნდა ყოფილიყო 37 წლის ვეტერანისთვის ბორუსიას მეკარის ამპლუაში, რომელსაც შარშანდელი დეკემბრის შემდეგ ხელთათმანები არ გამოუყენებია. 

ბორუსიას სცენარი ასეთი იყო: თამაშს რომან ბიურკი დაიწყებდა, მოგვიანებით კარში მის ადგილს ვაიდენფელერი დაიკავებდა. მაგრამ ისე მოხდა, რომ ამ უკანასკნელს თამაშის საშუალება არ მიეცა და ბოლომდე სათადარიგოთა სკამზე მყოფმა უყურა თავისი გუნდის ტანჯვას.

რაც შეეხება თამაშს, სამივე გოლი პირველ 16 წუთში გავიდა. სტუმრები უკვე მე-4 წუთზე ბოტე ბაკუმ გაიყვანა წინ, 9 წუთში კი იაპონელმა იოშინორი მუტომ გამოიდო თავი - 0:2. ბორუსიამაც მალევე გაიტანა - ჯეიდონ სანჩოს პასით მაქსიმილიან ფილიპმა (16) შეაგდო, მაგრამ დარჩენილ დროში მატჩის ბედის შემოტრიალება მასპინძლებმა, რომლებიც ბურთს ფლობდნენ, მაგრამ ხიფათს ვერ ქმნიდნენ, ვეღარ მოახერხეს. დორტმუნდს ვერც მესამე ცვლილებამ უშველა - მარიო გიოტცე ანდრეი იარმოლენკომ შეცვალა. და დარჩა ვაიდენფელერი სკამზე...

რომან ვაიდენფელერი ქომაგს თამაშის დასრულების შემდეგ ემოციურად დაემშვიდობა

პირველისა და ბოლოს ბრძოლა 

ვადამდე გაჩემპიონებული ბაიერნი "რეინ ენერჯიზე", მეორე ბუნდესლიგისთვის განწირულ კიოლნს ესტუმრა და მიუხედავად იმისა, რომ გოლი "აჩუქა", მაინც მოუგო.

ანგარიში 30-ე წუთზე ნიკლას ზიულემ გახსნა, რომელმაც საკუთარ კარში შეაგდო. კიოლნი 59-ე წუთამდე იგებდა, მაგრამ აქედან მოყოლებული, თომას მიულერის პასებით, ჯერ ხამეს როდრიგესმა და რობერტ ლევანდოვსკიმ (61) გაიტანეს, შემდეგ კი როდრიგესის პასით, კორენტენ ტოლისომ (78) დააფიქსირა საბოლოო ანგარიში.

ხამეს როდრიგესმა ბუნდესლიგის 22 მატჩში 7 გოლი და 11 პასი მიითვალა

ბუნდესლიგა. 33-ე ტური

დორტმუნდი 1:2 მაინცი

ლაიპციგი 4:1 ვოლფსბურგი

კიოლნი 1:3 ბაიერნი

ვერდერი 0:0 ლევერკუზენი

გლადბახი 3:1 ფრაიბურგი

აინტრახტი 3:0 ჰამბურგი

აუგსბურგი 1:2 შალკე

ჰანოვერი 3:1 ჰერტა

შტუტგარტი 2:0 ჰოფენჰაიმი

კომენტარები

ბოლო ამბები