Thumbnail
  • რუსეთი 6:23 საქართველო
  • ბორჯღალოსნებმა რუსებს 3 ლელო დაუდეს და ჯგუფში პირველ ადგილზე არიან

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურის მატჩი სტუმრად კალინინგრადში, რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა და ანგარიშით 23:6 გაიმარჯვა. 

აღსანიშნავია, რომ ეს საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების 25-ე დაპირისპირება იყო. "ბორჯღალოსნებმა" 23-ე დუელი (ზედიზედ მე-20) მოიგეს, ერთი შეხვედრა ფრედ დასრულდა, ერთიც (სულ პირველი მატჩი 1993 წელს) რუსეთის ნაკრებმა მოიგო.

''ბორჯღალოსნებმა'' მატჩი კარგად დაიწყეს და პირველივე წუთებზე შეძლეს ლელოს დადება, თუმცა იტალიელმა მსაჯმა მიშო გაჩეჩილაძის ლელო თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმა, მაგრამ მაისაშვილის გუნდს ჯარიმის დარტყმის უფლება მიეცა და თედო აბჟანდაძემაც ანგარიში გახსნა - 0:3.

მე-20 წუთამდე შეხვედრაში ანგარიში არ შეცვლილა, რუსეთის ნაკრები ბურთს ფლობდა და შეტევებსაც ცდილობდა, თუმცა საქართველოს თავს კარგად იცავდა. მალევე თედო აბჟანდაძემ კიდევ ერთი შანსი გამოიყენა და მეორე ჯარიმა გაიტანა - 0:6.

32-ე წუთზე საქართველოს ნაკრების პირველი ლელო აკა ტაბუცაძემ დადო, რომელმაც ბრწყინვალედ ჩათამაშებული კომბინაცია დაასრულა და ანგარიში 11 ქულამდე გაზარდა. სამწუხაროდ, თედო აბჟანდაძემ გარდასახვა ვერ გამოიყენა.

ბექა გიგაშვილი ერთ-ერთი საუკეთესო იყო
📷 | საქართველოს რაგბის კავშირი

რუსეთის ნაკრებს 34-ე წუთზე ლელოს დადების მშვენიერი შანსი ჰქონდა, თუმცა სანდრო თოდუამ რუსების მორაგბე ბოლო მომენტში დაიჭირა და ნაკრების გაშვებულ 5 ქულას გადაარჩინა. რუსებმა ჯარიმა მაინც გაიტანეს და სხვაობა 8 ქულამდე შემაცირეს - 3:11.

თედო აბჟანდაძემ პირველი ტაიმის ბოლო წუთზე ფანტასტიკურად ითამაშა. ქართველმა ათიანმა ხაზი გაჭრა და რუსებს ძალიან მაგარი ლელო დაუდო. საქართველოს ნაკრებმა პირველი ტაიმი 16:3 მოიგო.

რუსებმა მეორე ტაიმი აქტიურად დაიწყეს და ჯარიმით ანგარიშში სხვაობაც შეამცირეს - 6:16. ეს მატჩი ლელოს გარეშე დავით ნინიაშვილს არ უნდა დაეტოვებინა და შეხვედრის 61-ე წუთზე მან საქართველოს უპირატესობა 15 ქულამდე გაზარდა, რასაც თედო აბჟანდაძის ჯარიმაც მიემატა და ანგარიში 6:23 გახდა.

საქართველოს მე-4 ლელოს დადების საშუალება ორჯერ ჰქონდა - აკა ტაბუცაძე ერთ მომენტში ბურთს ვერ მიწვდა, ხოლო მეორე ეპიზოდში სანდრო თოდუამ ზუსტი პასი ვერ გააკეთა. საბოლოოდ, ბორჯღალოსნებმა შეხვედრა 17 ქულით მოიგეს და მთელ რიგ მომენტებში ნაკრების მორაგბეები დამაჯერებლად თამაშობდნენ.

''ბორჯღალოსნებმა'' რაგბი ევროპის ჩემპიონატზე სტუმრად ზედიზედ სამი მატჩი ჩაატარეს და სამივეში გამარჯვება იზეიმეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ნაკრები ტურნირს 14 ქულით ლიდერობს და ჩემპიონობის მთავარი კანდიდატია.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატზე მომდევნო შეხვედრას 28 მარტს, თბილისში, რუმინეთის ნაკრებთან ჩაატარებს. ცნობილია, რომ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გულშემატკივრებსაც დაუშვებენ - ქვეყანაში მოქმედი COVID 19-ის რეგულაციების შესაბამისად და ხელმისაწვდომი მატჩის ბილეთების 30% იქნება

რუსეთი 6:23 საქართველო

საქართველო: 15. დავით ნინიაშვილი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. მერაბ შარიქაძე, 11. სანდრო თოდუა, 10. თედო აბჟანდაძე, 9. გელა აფრასიძე; 1. ბექა გიგაშვილი, 2. გიორგი ჭყოიძე, 3. გიორგი მელიქიძე, 4. ლაშა ჯაიანი, 5. დავით გიგაური, 6. მიხეილ გაჩეჩილაძე, 7. გიორგი თხილაიშვილი, 8. თორნიკე ჯალაღონია.
სათადარიგოები: 16. ჯაბა ბრეგვაძე, 17. გურამ გოგიჩაშვილი, 18. გია ხარაიშვილი, 19. ნოდარ ჭეიშვილი, 20. ირაკლი ცხადაძე; 21. მიხეილ ალანია, 22. გიორგი ბაბუნაშვილი, 23. სოსო მათიაშვილი.

ლელო: ტაბუცაძე, აბჟანდაძე, ნინიაშვილი. აბჟანდაძემ 2 ჯარიმა და ერთი გარდასახვა გაიტანა.

ანგარიშის მიმდინარეობა: 0:3 (3), 0:6 (21), 0:11 (29), 3:11 (38),  3:16 (39), 6:16 (48), 6:23 (60).

კომენტარები

ბოლო ამბები