Thumbnail

ოლიმპიადის ლიცენზიის შემდეგ მედალიც - ავთანდილ კენჭაძის ოქრო ბუდაპეშტში

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ავთანდილ კენჭაძის ოქროს და ლადო ხინჩეგაშვილის ბრინჯაოს მედალი
  • 20 მარტს ლიცენზიისთვის ბრძოლაში ბერძენ-რომაელები ჩაერთვებიან

ბუდაპეშტში მიმდინარე ტოკიოს ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირზე თავისუფალ ჭიდაობაში ავთანდილ კენჭაძემ (74 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. ფინალში ქართველ ფალავანს აზერბაიჯანელ ხაჯიმურად გაჯიევთან უნდა ეჭიდავა, მაგრამ მეტოქე არ გამოცხადდა და შედეგად, კენჭაძეს გამარჯვება ავტომატურად ერგო.

მოგეხსენებათ, ამ ტურნირზე მთავარი დატვირთვა ოლიმპიადის ლიცენზიას ჰქონდა, რომელიც ავთანდილმა (ისევე როგორც აზერბიაჯანელმა მოჭიდავემ) გუშინ, ფინალში გასვლის შემდეგ მოიპოვა და ამდენად, ფინალურ ბრძოლას ნაკლები დატვირთვა ჰქონდა.

შეგახსენებთ, რომ კენჭაძემ, ვინც 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორია, პირველ წრეში უკრაინელი დენის პავლოვი 14:4 დაამარცხა, მერვედფინალში სომეხ ჰრაირ ალიხანიანს 10:2 სძლია, მეოთხედფინალში კი ბერძენ გეორგიოს კუგიუმციდისს 14:9 მოუგო. ავთანდილმა მთავარი ამოცანა ნახევარფინალის მოგებით გადაწყვიტა, რომელიც ბულგარეთის სახელით მოჭიდავე ალი პაშა უმარპაშაევს მოუგო და ეს ძალიან დრამატულ შერკინებაში გააკეთა. აღსანიშნავია, რომ ბულგარელი მალევე დაწინაურდა 6:0, თუმცა, ქართველმა მოჭიდავემ შეხვედრაში გარდატეხის შეტანა მოახერხა. ავთანდილმა საპასუხო 2 ქულა მიითვალა, მალევე კიდევ ერთი ილეთით ანგარიში 4:6 გახადა და იქვე მეტოქის შებოჭვაც შესძლო, რისი წყალობითაც წმინდა გამარჯვება გაიფორმა.

📺 კენჭაძე V უმარპაშაევი [ლიცენზიისთვის გადამწყვეტი ბრძოლა]

კენჭაძის გარდა, ტოკიოს ოლიმპიადის ლიცენზია საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებებს ორ-ორ წონით კატეგორიაში აქვთ განაღდებული. 2019 წლის შემოდგომაზე, ყაზახეთში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ოლიმპიური ნორმატივი ბერძენ-რომაელთაგან გიორგი მელიამა (97 კგ) და იაკობ ქაჯაიამ (130 კგ) შეასრულეს, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთაგან კი - ელიზბარ ოდიკაძემა (97 კგ) და გენო პეტრიაშვილმა (125 კგ).

თავისუფალ ჭიდაობაში ლიცენზიისთვის კიდევ სამი ქართველი ფალავანი - ბექა ბუჯიაშვილი (57 კგ), ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (65 კგ) და სანდრო ამინაშვილი (86 კგ) იბრძოდნენ, მაგრამ ჯერ კიდევ გუშინ ფინალში ვერცერთი გავიდა და ჯერჯერობით ლიცენზიის გარეშე დარჩნენ. დღეს ხინჩეგაშვილმა ასპარეზობა რეპეშაჟში გააგრძელა, სადაც ბელარუს ნიურგუნ სკრიაბინს მოუგო, ხოლო მესამე ადგილისთვის შეხვედრაში პოლონეთის სახელით მოასპარეზე მაგომედმურად გაჯიევი არ გამოცხადდა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

ხვალიდან ბუდაპეშტში ასპარეზობას ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები დაიწყებენ და ტოკიოს საგზურებს 20 მარტს დაინაწილებენ, ხოლო საპრიზო სამეულებს 21-ში შეავსებენ. საქართველოს ნაკრები უნგრეთში შემდეგი შემადგენლობითაა ჩასული: ირაკლი ძიმისტარიშვილი (60 კგ), რამაზ ზოიძე (67 კგ), გელა ბოლქვაძე (77 კგ) და ლაშა გობაძე (87 კგ).

ბუდაპეშტის ტურნირი ულიცენზიო მოჭიდავეთათვის ოლიმპიურ თამაშებზე მოხვედრის ბოლოსწინა შანსია, უკანასკნელი შანსი კი სოფიის ტურნირი იქნება, რომელიც 6-9 მაისს გაიმართება. ბულგარეთშიც მხოლოდ ფინალისტები მოიპოვებენ ოლიმპიადის საგზურებს, ოღონდ, უნგრეთისგან განსხვავებით, იქ მთელი მსოფლიოდან ჩავლენ სპორტსმენები.

კომენტარები

ბოლო ამბები