Thumbnail

რუსეთისა და საქართველოს მორაგბეთა ნაკრებების მოახლოებული მატჩის წინ, პრესკონფერენციაზე კომენტარი “დათვების” უელსელმა თავკაცმა ლინ ჯონსმა და ახალმა კაპიტანმა ანდრეი ოსტრიკოვმა გააკეთეს, რომელმაც ტრავმირებული ვიკტორ გრესევი შეცვალა. რუსები საქართველოს სიძლიერეს აღიარებენ, თუმცა, უიმედოდ სულაც არ გამოიყურებიან.

ლინ ჯონსი (რუსეთის ნაკრების მწვრთნელი): “საქართველო რაგბი ევროპის ჩემპიონატის უძლიერესი ნაკრებია და 6 კვირის წინ რუსეთის ნაკრებს მათთან ურთულესი მატჩი ჰქონდა. ამ თამაშისთვის დიდი ხნის განმავლობაში ვემზადებოდით და ცხადად გვესმის, რომ საქართველო ტურნირის აშკარა ფავორიტია. ჩვენი გუნდი ყოველი მატჩის შემდეგ ვითარდება და ვთვლი, რომ ახლა აშკარად სხვა დონეზე ვართ. ცხადია, ვიკტორ გრესევის გამოკლება ძალიან მტკივნეული ამბავია, თუმცა, რაგბში ტრავმები ძალიან ხშირია და ასეთი რამეებისთვის მზად უნდა ვიყოთ”.

ანდრეი ოსტრიკოვი (რუსეთის ნაკრების კაპიტანი): “ის, რომ რუსეთის ნაკრებს კაპიტნის სამკლავურით გავიყვან, ჩემთვის დიდი პატივია. მაქსიმალურად მობილიზებულები ვართ და ვიცით, რა დონის მეტოქესთან მოგვიწევს თამაში. ლაყბობა ბევრი შეიძლება, თუმცა, ყველაფერი საქმითა და შესაბამისი თამაშით უნდა დავამტკიცოთ. ვერ ვიტყვი, რომ გადატვირთული კალენდარი საქართველოს ნაკრებისთვის პრობლემაა. ისინი 3 კვირაა ერთად არიან და როგორც ყოველთვის, ჩვენს წინააღმდეგ მაქსიმალურად მობილიზებულნი გამოვლენ. ხვალინდელ თამაშს მოუთმენლად ველით. ქართველთა სუსტი მხარეები? მათ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო შერკინება ჰყავთ და არც სხვა მხრივ მოიკოჭლებენ. სხვა საქმეა, რომ ჩვენთან ჩინებული მწვრთნელები მუშაობენ და ვხედავთ, რუსი ბურჯებიც როგორ პროგრესირებენ”.

შეგახსენებთ, რომ ხსენებული მატჩი 20 მარტს კალინინგრადში გახლავთ დაგეგმილი და თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება. ამ დროისთვის, “ბორჯღალოსნები” რაგბი ევროპის ჩემპიონატს 9 ქულით ლიდერობენ, რუსეთი კი 4 ქულით მესამეა, თუმცა, თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. გასული 22 მატჩიდან საქართველოს ნაკრებს 20 აქვს მოგებული, 1 შეხვედრა ფრედ დასრულდა, სულ პირველი კი, 1993 წელს, რუსეთმა მოიგო. ქართველი მორაგბეები მეტოქეს ლელოებში 67:17-ს უგებენ, ქულებში კი – 595:267-ს.

კომენტარები

ბოლო ამბები