Thumbnail

რუსეთისა და საქართველოს სარაგბო ნაკრებთა მატჩის წინ, რომელიც ხვალ, შაბათს გახლავთ დაგეგმილი, ტრადიციული პრესკონფერენცია გაიმართა. “ბორჯღალოსნების” მხრიდან მას მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი და კაპიტანი მერაბ შარიქაძე დაესწრნენ.

ლევან მაისაშვილი (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი): “საქართველოს ნაკრები საკმაოდ გაახალგაზრდავებულია. იმის გარდა, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატის მოგებასა და მსოფლიო თასის საგზურის მოპოვებაზე ვფიქრობთ, ახალი გუნდის შექმნა და მისი გამოცდა გვსურს. ესპანეთთან მატჩის მერე მძიმე მოსამზადებელი კვირა გვქონდა. ლოჯისტიკაზე დიდი დრო დავხარჯეთ, თუმცა, ძირითადად, აღდგენა მოვახერხეთ. პირველ ორ შეხვედრაში აქცენტს შეტევაზე ვაკეთებდით, თუმცა, შეთამაშებისთვის გარკვეული დრო გვჭირდება, მითუმეტეს, რომ ჩვენი მეტოქეებიც მაგრად იბრძვიან. მოუმატა თუ არა რუსეთის ნაკრების შერკინებამ? დიახ, რასაკვირველია, ეს ჩვენთან ბოლო მატჩშიც გამოჩნდა და ასევე რუმინეთთან თამაშშიც. ადრე რუსეთის ნაკრებს ამ კომპონენტში უფრო უჭირდა”.

მერაბ შარიქაძე (საქართველოს ნაკრების კაპიტანი): “რუსეთთან გასული მატჩი ისე არ წარიმართა, როგორც ჩვენ გვსურდა, თუმცა, მოგება მაინც მოვახერხეთ. რუსეთის ნაკრებთან ყოველთვის იოლი თამაშები არ გვაქვს და როგორც წესი, გამარჯვება რთულად მოდის. ბოლო მატჩში სრულიად არასაჭირო სიტუაციაში ბევრი ჯარიმა მივიღეთ და დომინაცია სწორედ ამიტომ ვერ მოვახერხეთ. ვეცდებით, ხვალინდელ შეხვედრაში ეს გამოვასწოროთ და დარწმუნებული ვარ, ამას მოვახერხებთ კიდეც. მინდა ისიც გითხრათ, რომ რუსეთთან უკანასკნელ შეხვედრაში მსაჯმა 1 ლელო არ ჩაგვითვალა, რაც მან მატჩის მერე აღიარა კიდეც”.

შეგახსენებთ, რომ ხსენებული მატჩი 20 მარტს კალინინგრადში თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება. ამ დროისთვის, “ბორჯღალოსნები” რაგბი ევროპის ჩემპიონატს 9 ქულით ლიდერობენ, რუსეთი კი 4 ქულით მესამეა, თუმცა, თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. გასული 22 მატჩიდან საქართველოს ნაკრებს 20 აქვს მოგებული, 1 შეხვედრა ფრედ დასრულდა, სულ პირველი კი, 1993 წელს, რუსეთმა მოიგო. ქართველი მორაგბეები მეტოქეს ლელოებში 67:17-ს უგებენ, ქულებში კი – 595:267-ს.

კომენტარები

ბოლო ამბები