Thumbnail

რუსეთის მორაგბეთა ნაკრებმა, რომელსაც ხვალ, შაბათს, რაგბი ევროპის ჩემპიონატის ეგიდით საქართველოს ეროვნულ გუნდთან დაპირისპირება ელის, მოახლოებული თამაშის წინ, მძიმე დანაკლისი განიცადა.

ერთ-ერთ ბოლო ვარჯიშზე დაშავდა და “ბორჯღალოსნებთან” მატჩში ვერ ითამაშებს “დათვების” კაპიტანი ვიკტორ გრესევი. პენზის ლოკომოტივის მესამეხაზელს ეროვნულ ნაკრებში 112 მატჩი აქვს ჩატარებული და აქტივში 110 ქულა აქვს, ამდენად, რუსები მასზე დიდ იმედებს ამყარებდნენ, თუმცა, მიკროტრავმამ ის განაცხადის მიღმა დატოვა.

აღნიშნულის გამო, გრესევის ნაცვლად, 8 ნომრის პოზიციაზე სლავას ფორვარდი ნიკიტა ვავილინი გამოჩნდება, 7 ნომრად კი მეტალურგის წევრი ანტონ სიჩოვს ვიხილავთ. ცხადია, 1 ადგილი სათადარიგოთა სკამზე გამოთავისუფლდება, რომელსაც სტრელას ფორვარდი რომან ხოდინი შეავსებს. გაირკვა ისიც, რომ გრესევის მაგივრად, გუნდს კაპიტნის სამკლავურით ფრანგული გრენობლის 33 წლის ლეგიონერი ანდრეი ოსტრიკოვი გაიყვანს.

შეგახსენებთ, რომ ხსენებული მატჩი 20 მარტს კალინინგრადში გახლავთ დაგეგმილი და თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება. ამ დროისთვის, “ბორჯღალოსნები” ტურნირს 9 ქულით ლიდერობენ, რუსეთი კი 4 ქულით მესამეა, თუმცა, თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. გასული 22 მატჩიდან საქართველოს ნაკრებს 20 აქვს მოგებული, 1 შეხვედრა ფრედ დასრულდა, სულ პირველი კი, 1993 წელს, რუსეთმა მოიგო. ქართველი მორაგბეები მეტოქეს ლელოებში 67:17-ს უგებენ, ქულებში კი – 595:267-ს.

კომენტარები

ბოლო ამბები