Thumbnail

რუსეთის მორაგბეთა ნაკრების ბურჯმა ევგენი მიშეჩკინმა კომენტარი გააკეთა საქართველოს ეროვნულ გუნდთან მატჩის წინ, რომელიც რაგბი ევროპის ჩემპიონატის ეგიდით, მოახლოებულ შაბათს ჩატარდება. მოსკოვის სლავას 23 წლის მორაგბეს ქვეყნის ეროვნული ნაკრების მაისურით 18 მატჩი აქვს გამართული, ამჯერად კი, თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაებმება. მისი აზრით, მოახლოებულ შეხვედრაში შერკინებაში წარმატებულ თამაშს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება.

“საქართველოს ნაკრებთან მატჩის წინ ძალიან კარგი საწვრთნელი ციკლი გავიარეთ და ჩინებული განწყობა გვაქვს. ვიცით, რომ მეტოქეს რამდენიმე საკვანძო მორაგბე დაშავებული ჰყავს და ესპანეთთან საკმაოდ რთული ბრძოლა გადაიტანა. მიუხედავად ამისა, საქართველო მაინც ძლიერ მეტოქედ რჩება. ვეცადეთ, მოწინააღმდეგის თამაში დეტალურად გაგვერჩია, განსაკუთრებით მათი მოქმედება შერკინებაში. მწვრთნელებმა ვიდეოზე გვაჩვენეს, ქართველი ფორვარდები როგორ მუშაობენ. დიდი ყურადღება დავუთმეთ სწრაფ რაგბს, რადგანაც ქართველებს ამ მიმართულებითაც ვაჯობოთ. საერთო ჯამში, გასულმა მატჩმაც დააადასტურა, რომ რუსეთის ნაკრებს საქართველოსთან თანაბრად ბრძოლა შეუძლია, მათ შორის, შერკინებაში. ვიცით ჩვენი და მათი ძლიერი და სუსტი მხარეები, ასე რომ, ვეცდებით, ყველას ვაჩვენოთ, რა შეგვიძლია. უდიდესი სურვილი გვაქვს, რომ მოვიგოთ და წარუმატებელი სერია შევწყვიტოთ”.

შეგახსენებთ, რომ ხსენებული მატჩი 20 მარტს კალინინგრადში გახლავთ დაგეგმილი და თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება. ამ დროისთვის, “ბორჯღალოსნები” ტურნირს 9 ქულით ლიდერობენ, რუსეთი კი 4 ქულით მესამეა, თუმცა, თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. გასული 22 მატჩიდან საქართველოს ნაკრებს 20 აქვს მოგებული, 1 შეხვედრა ფრედ დასრულდა, სულ პირველი კი, 1993 წელს, რუსეთმა მოიგო. ქართველი მორაგბეები მეტოქეს ლელოებში 67:17-ს უგებენ, ქულებში კი – 595:267-ს.

კომენტარები

ბოლო ამბები