Thumbnail
  • გიორგი მიქაუტაძის ინტერვიუ სერენის ოფიციალურ საიტთან
  • 20 წლის ფორვარდი მიღწეულით დაკმაყოფილებას არ აპირებს

20 წლის გიორგი (ჟორჟ) მიქაუტაძე უკვე საქართველოს მოქალაქეა და მას 25 მარტს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ექნება დებიუტი. გიორგი ლიგა 1-ის მეცის საკუთრებაა, მაგრამ ბელგიურ სერენში იჯარით თამაშობს, სადაც 19 მატჩში 18 გოლი გაიტანა. საქართველოს ნაკრების მომავალ დებიუტანტთან ინტერვიუ სწორედ სერენის ოფიციალურმა საიტმა ჩაწერა.

სერენი: ჟორჟ, როგორ შეხვდით საქართველოს ნაკრებში გამოძახებას?

მიქაუტაძე: ვესაუბრე ნაკრების მწვრთნელ ვილი სანიოლს, რომელმაც მითხრა, რომ ჩემს თამაშს აკვირდებოდა და მოსწონს. ამ შემოთავაზებით გაკვირვებული არ ვყოფილვარ, უფრო - ამაყი. ასევე ამაყობს ამით ჩემი ოჯახიც. ჩემი მშობლები საფრანგეთში ცხოვრობენ, თუმცა ოჯახის წევრები საქართველოშიც მყავს. ამ შემოთავაზებას განვიხილავ, როგორც ჯილდოს. 

სერენი: ალბათ, არ იყო რთული არჩევანი საფრანგეთსა და საქართველოს შორის...

მიქაუტაძე: პირველ რიგში, რეალისტები უნდა ვიყოთ და გავიაზროთ, რა ხალხი ჰყავს საფრანგეთის ნაკრებს შეტევის ხაზში. ამიტომაც შესაბამისად შევაფასე სანიოლის წინადადება. მართალია, 2011 წლის მერე საქართველოში არ ვყოფილვარ, მაგრამ ეს ქვეყანა ჩემთვის ბევრს ნიშნავს. 

წაიკითხე | 'კი, მაგრამ ის ხომ ფრანგია' - მეცის ფანების გამოხმაურება მიქაუტაძის არჩევანზე 

სერენი: მომავალ კვირაში თქვენ გელით მსოფლიოს ვარსკვლავების წინააღმდეგ თამაში. როგორ გრძნობთ თავს?

მიქაუტაძე: აქამდე იბრაჰიმოვიჩი მარტო ტელევიზორში მინახავს. ახლა კი მის წინააღმდეგ ვითამაშებ! ეს აუცილებლად იქნება დაუვიწყარი გამოცდილება ჩემთვის. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საკვალიფიკაციო ეტაპი გადავლახოთ. ეს ძალიან რთულია, მაგრამ საქართველოს ახლა ნიჭიერი თაობა ჰყავს.

სერენი: რა ამბიციები გაქვთ ეროვნულ ნაკრებში?

მიქაუტაძე: ვიმედოვნებ, რომ სათამაშო დრო მომეცემა და ჩემს წვლილს შევიტან. გავაკეთებ პასებს და გავიტან გოლებს. უნდა ვიყო მზად, რომ თანაგუნდელების პასებს გამოვეხმაურო.

სერენი: თქვენი აზრით, რა როლი ითამაშა სერენმა თქვენს ნაკრებში გამოძახებაში?

მიქაუტაძე: ძალიან კარგად მესმის, რომ ამ სეზონმა დიდი როლი ითამაშა. აქ თავი მაშინვე კარგად ვიგრძენი. ყველას მადლობა მინდა გადავუხადო, ვინც აქ ასე თბილად დამხვდა. სწორედ ასეთი სეზონის გამო, მეცმა ახალი კონტრაქტი შემომთავაზა, ხოლო საქართველოს ნაკრებში მიმიწვიეს. ეს ყველაფერი უბრალოდ დიდებულია! მაგრამ ამაზე გაჩერებას არ ვაპირებ. რასაც მივაღწიე, ჯერ არაფერია. ის ვარ, ვინც ყოველთვის მეტს ელის.

ქართველი ფორვარდი პროქსიმუს ლიგაში 18 გოლით ბომბარდირთა დავაში მეორეა

სერენი: როგორ სეზონის დასასრულს ელით?

მიქაუტაძე: დიდი იმედი მაქვს, რომ მე-2 ადგილს საბოლოოდ დავიკავებთ და ელიტაში გადასასვლელ პლეი ოფში ვითამაშებთ. თავიდან, როცა აქ მოვედი, არ იყო ასეთი მაღალი მოლოდინები, მაგრამ ახლა გაჩნდა შანსი. სერენს კარგი გუნდი ჰყავს, ისინიც კი, ვისაც ნაკლები სათამაშო პრაქტიკა აქვს, ჯერაც პოზიტიურად არიან განწყობილნი. ეს კი აუცილებლად ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია წარმატებისკენ.

შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძე საფრანგეთშია დაბადებული და საფრანგეთის მოქალაქეა. ის საფეხბურთო კლუბ ლიონის აღზრდილია. ახლახან ლიგა 1-ის მეცმა მასთან კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე გააგრძელა. მისი სატრანსფერო ფასი 1.2 მილიონი ევროა (ტრანსფერმარკტი).

კომენტარები

ბოლო ამბები