Thumbnail

ლენოვო ტენერიფეს ქართველი ცენტრი გიორგი შერმადინი ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-19 ტურის საუკეთესო მოთამაშის ტიტულის (MVP) მფლობელი გახდა. ამ ინფორმაციას ლიგა ენდესას ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.

ცნობისთვის, აღნიშნული ტური ჯერ კიდევ წლის დასაწყისში გაიმართა, თუმცა, კოვიდ-პანდემიის გამო, რამდენიმე მატჩი ახლაღა ჩატარდა და საუკეთესოს გამოვლენის პროცესიც ამიტომ დაგვიანდა. მე-19 ტურში ტენერიფელები გიპუზკოა ბასკეტს ესტუმრნენ და ბოლო წამებზე 87:89 წააგეს, შერმადინი კი შეუჩერებელი იყო.

გიორგიმ მოედანზე 31:08 წუთი გაატარა და 28 ქულა, 6 მოხსნა (2 შეტევაში) და 4 პასი მიითვალა, რომელთა შედეგადაც მისმა თანაგუნდელებმა 11 ქულა მიითვალეს. საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა 15-დან 13 ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, მეტოქეები კი მასზე 6-ჯერ დაჯარიმდნენ. შედეგად, შერმადინის სარგებლიანობის კოეფიციენტი 33-ს გაუტოლდა და ამ მხრივ, მასთან ახლოსაც არავინ ყოფილა.

საინტერესოა, რომ ქართველმა ლეგიონერმა ესპანურ ლიგაში ტურის MVP-ს ტიტული მიმდინარე სეზონში უკვე - მესამედ, კარიერაში კი მეთერთმეტედ დაიმსახურა. მიმდინარე სეზონში 23 მატჩი აქვს ჩატარებული, საშუალო მაჩვენებლები კი ასეთი აქვს: 24:25 წუთი, 17.4 ქულა, 5.7 მოხსნა, 2.3 პასი, 1.0 ჩაჭრა, სარგებლიანობის კოეფიციენტი 23.4. ლენოვო ტენერიფეს 18 მოგებითა და 5 მარცხით მე-4 ადგული უკავია, მომდევნო მატჩს კი 20 მარტს, შინ, მურსიასთან ჩაატარებს.

📺 შერმადინი გიპუზკოა ბასკეტთან მატჩში

კომენტარები

ბოლო ამბები