Thumbnail
  • დალას მავერიკსი 105:89 ლოს ანჯელეს კლიპერსი
  • ლუკა დონჩიჩმა კიდევ ერთი გრანდიოზული მატჩი ჩაატარა
  • სლოვენიელს კონკურენტებიც კი ძალიან აქებენ

ლუკა დონჩიჩმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რა შეუძლია და დალას მავერიკსს ლოს ანჯელეს კლიპერსთან მოაგებინა!

ტექსასელებმა 105:89 გაიმარჯვეს და ამით კლიპერსზე შური იძიეს როგორც ორი დღის წინანდელ მარცხზე, ისე წინა სეზონში, პლეი ოფის პირველ რაუნდში წაგების გამოც. დონჩიჩმა 42 ქულა ჩააგდო და 6 მოხსნა და 9 პასიც ჰქონდა.

“კლიპერსი დაცვაში მართლაც ძალიან მაგარია. Back-to-Back თამაშების ჩატარება საკმაოდ რთულია, მაგრამ უნდა მივეჩვიოთ - თუ პლეი ოფში გავალთ, იქ ადვილი არაფერი იქნება,” - განაცხადა მატჩის შემდეგ სლოვენიელმა.

დონჩიჩს ძალიან კარგად დაეხმარა ჯოშ რიჩარდსონი, რომელმაც 14 ქულა ჩააგდო და განსაკუთრებით დაცვაში ბრწყინავდა. მას პირველ ტაიმშივე ორი ძალიან მნიშვნელოვანი ჩაჭრა ჰქონდა.

კლიპერსიდან საუკეთესოები პოლ ჯორჯი (28 ქულა) და კავაი ლეონარდი (20) იყვნენ. “უმეტეს წილად ვფიქრობდი, რომ დაცვაში კარგად ვთამაშობდით, მაგრამ ლუკამ უბრალოდ დაგვანგრია და გაგვანადგურა,” - ეს კლიპერსის მთავარი მწვრთნელის, ტაირონ ლიუს სიტყვებია.

დონჩიჩი კავაი ლეონარდმაც შეაქო: “ლუკა დღეს თავს შესანიშნავად გრძნობდა და ყველაფერს აგდებდა. მისი გაუვნებელყოფა ძალიან ძნელია - განსაკუთრებით მაშინ, როცა თამაში ასე კარგად მისდის.”

დონჩიჩის მთავარ პარტნიორ კრისტაპს პორზინგისს მხოლოდ 11 ქულა ჰქონდა, თუმცა 13 მოხსნით ამ მნიშვნელოვან გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.

39 თამაშის შემდეგ, 21 გამარჯვებით და 18 მარცხით დალასი დასავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილზეა. კლიპერსს 42 მატჩში 26 მოგება და 16 მარცხი აქვს - ლოსანჯელესელები მე-4 პოზიციაზე არიან. მატჩის საუკეთესო მომენტებს ვიდეოში ნახავთ.

კომენტარები

ბოლო ამბები