Thumbnail

საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში გამოძახებულმა ზურიკო დავითაშვილმა რუსეთის პრემიერლიგის ბოლო ტურის შეხვედრაში ტრავმი მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა. 

ვოლგოგრადის როტორმა, რომლის ღირსებას 20 წლის ქართველი ნახევარმცველი იჯარით იცავს, 23-ე ტურის შეხვედრაში როსტოვს უმასპინძლა და ანგარიშით 0:4 დამარცხდა. თამაში სასტარტო შემადგენლობაში ზურიკო დავითაშვილმა და დინამო ბათუმის ყოფილმა ფორვარდმა ფლამარიონ ჯოვინომ დაიწყეს, საბა კვერკველია და ნიკა ყიფინიანი კი მატჩის ბოლომდე სათადარიგოთა შორის დარჩნენ. განაცხადში არ ყოფილა გიორგი არაბიძე.

დავითაშვილმა ტრავმა უკვე 30-ე წუთზე მიიღო და მოედანი კოჭლობით დატოვა. ის პირდაპირ გასახდელისკენ გაემართა. ჯერჯერობით უცნობია, რა ხარისხის დაზიანება აქვს ქართველ ფეხბურთელს და შეძლებს თუ არა რამაზ სვანაძის გუნდის დახმარებას, რომელიც 29 მარტს, ამხანაგურად ბელარუსის 21-წლამდელებს უმასპინძლებს.

ზურიკოს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში უკვე 6 მატჩი აქვს ჩატარებული

ზურიკო დავითაშვილმა მიმდინარე სეზონში როტორის ღირსება 16 შეხვედრაში დაიცვა, აქედან 14-ში სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა, თუმცა შედეგიანი მოქმედებით არ გამორჩეულა.

ვოლგოგრადის როტორს 23 მატჩში 18 ქულა აქვს და რუსეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები