Thumbnail
  • ლიეტუვის კალათბურთის ფედერაციის განცხადებამ საინტერესო მოცემულობა წარმოაჩინა
  • გამოდის, ერთი მეტოქე, რომელსაც საქართველოს ნაკრები უმასპინძლებს, უკვე ცნობილია

ლიეტუვის კალათბურთის ფედერაციამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ მომავალი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე გერმანიაში ითამაშებს, ეს კი, გავლენას საქართველოს კალათბურთის ფედერაციაზეც იქონიებს, რომელიც გერმანიის მსგავსად, ევრობასკეტის ერთ-ერთი მასპინძელია.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლიდან მოყოლებული, ევროპის ჩემპიონატები 4-4 ქვეყანაში ტარდება, თითოეულ მასპინძელს კი 1 ნაკრების არჩევის უფლება აქვს, რომელიც მის ჯგუფში ითამაშებს. ამ ნაბიჯის გადადგმის დროს, ქვეყნები ძირითადად ფინანსური ინტერესებით ხელმძღვანელობენ, რაც გულშემატკივრების ჩასვლასთან, ბილეთების რეალიზაციასთან და სხვა მსგავს ფაქტორებთან არის დაკავშირებული.

აღნიშნულისა და იმის გათვალისწინებით, რომ ლიეტუვა საქართველოს მეგობარ ქვეყნად ითვლება, საქართველოს კალათბურთის ფედერაცია არჩევანის გაკეთებას სწორედ ბალტიისპირელებზე აკეთებდა, თუმცა, როგორც დღეს გახდა ცნობილი, ლიეტუვამ არჩევანი გერმანიაზე შეაჩერა. ცხადია, იმის გათვალისწინებით, რომ იდენტური სურვილი მე-2 მხარისგანაც იყო.

“მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ გერმანიის კალათბურთის ფედერაციასთან შეთანხმება უკვე მიღწეულია. საერთო ენა იოლად გამოვნახეთ და იმედი გვაქვს, ისე ვიმოქმედებთ, რომ გულშემატკივრები კმაყოფილები დარჩებიან. ისიც გავითვალისწინეთ, რომ ფინალურ ეტაპს ასევე გერმანია უმასპინძლებს, ეს, ფანებს გადაადგილებას გაუადვილებს”, - განაცხადა ლიეტუვას კალათბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა მინდაუგას შპოკასმა.

რას ცვლის ეს ქართული მხარისთვის? გარდა იმისა, რომ ახალი პარტნიორის მოძიება მოუწევს, საქართველოს ნაკრები საინტერესო სიტუაციას იღებს ევრობასკეტის წილისყრის წინ. შეგახსენებთ, რომ წინასწარი ინფორმაციით, ქართველი კალათბურთელები მე-4 კალათაში იქნებიან, მე-2 კალათაში კი ლიეტუვა, რუსეთი, იტალია და ჩეხეთი ხვდებიან.

2017 წლის ევრობასკეტზე საქართველო და ლიეტუვა ერთ ჯგუფში იყვნენ, ამჯერად, ეს აღარ მოხდება

იმის გათვალისწინებით, რომ იტალია და ჩეხეთი ასევე ევრობასკეტის თანამასპინძლები არიან, ხოლო ლიეტუვამ გერმანიაში თამაში არჩია, გამოდის, რომ მე-2 კალათიდან საქართველოს ნაკრებს მეტოქედ რუსეთი ერგება, რაც ძალიან საინტერესო დაპირისპირებას მოასწავებს. ევროპის ჩემპიონატის კალათებს თვალი კიდევ ერთხელ გადავავლოთ.

პირველი კალათა: ესპანეთი (ევროპაში მე-2), სერბეთი (5), საბერძნეთი (6), საფრანგეთი (7).
მეორე კალათა: ლიეტუვა (8), რუსეთი (9), იტალია (10), ჩეხეთი (12).
მესამე კალათა: პოლონეთი (13), ხორვატია (14), თურქეთი (15), სლოვენია (16).
მეოთხე კალათა: გერმანია (17), უკრაინა (18), ფინეთი (32), საქართველო (36).
მეხუთე კალათა: ბელგია (37), უნგრეთი (38), ისრაელი (39), დიდი ბრიტანეთი (41).
მეექვსე კალათა: ბოსნია-ჰერცეგოვინა (43), ნიდერლანდები (44), ესტონეთი (47), ბულგარეთი (49).

სხვათა შორის, ლიეტუვის კალათბურთის ფედერაცია იმასაც იუწყება, რომ გერმანელებთან მიღწეული შეთანხმების თაობაზე პარასკევს უნდა გამოცხადდეს, როდესაც ფიბა-ს ბორდის სხდომაა დანიშნული. ამავე დღეს გამჟღავნდება რა არჩევანი გააკეთეს სხვა მასპინძელმა ქვეყნებმა. ლიეტუველთათვე ცნობით, ევრობასკეტის წილისყრა 29 აპრილს შედგება და არა – 30 მარტს, როგორც აქამდე იყო ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ წილისყრის შედეგად, ფინალურ ეტაპზე გასული 24 ნაკრები ოთხ ექვსგუნდიან ჯგუფში გადანაწილდება, 4-4 საუკეთესო კი პლეი ოფში გავა და თამაშს მერვედფინალიდან გააგრძელებს. ევრობასკეტი 2022 წლის 1-18 სექტემბერს ჩატარდება, ჯგუფური ეტაპის მატჩებს კიოლნი (გერმანია), მილანი (იტალია), პრაღა (ჩეხეთი) და თბილისი უმასპინძლებს, პლეი ოფი კი ბერლინშია (გერმანია) დაგეგმილი.

კომენტარები

ბოლო ამბები