Thumbnail

კიელინი კარიერას ამთავრებს - იუვეს მის ადგილზე 19 წლის რუმინელი ჰყავს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • იტალიის ნაკრების კაპიტანს კლუბთან კონტრაქტი ზაფხულში ეწურება
  • იუვენტუსის მთავარ გუნდში 19 წლის რადუ დრეგუშინს დააწინაურებენ 

ტურინის იუვენტუსისა და იტალიის ნაკრების კაპიტანი ჯორჯო კიელინი კარიერის დასრულებაზე ფიქრობს. იტალიური მედიის ინფორმაციით, 36 წლის ცენტრალური მცველი ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდებას მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ აპირებს. 

ჯორჯომ გასული სეზონის დიდი ნაწილი მუხლის სერიოზული ტრავმის გამო გამოტოვა, თუმცა კლუბთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა. ფეხბურთელმა მიმდინარე სერია A-ში მხოლოდ 9 შეხვედრაში ითამაშა. 

თავის მხრივ, იუვენტუსიც აღარ ჩქარობს კიელინისთვის ახალი კონტრაქტის შეთავაზებას და ამ ფაქტმა შესაძლოა გავლენა იქონიოს ფეხბურთელის გადაწყვეტილებაზე კარიერის ახლო მომავალში დასრულებასთან დაკავშირებით.

ჯორჯოსგან განსხვავებით, ჯიჯი ბუფონი თამაშს ჯერ ისევ აპირებს

თუკი კიელინი კარიერას ზაფხულში დაასრულებს (სავარაუდოდ, ეს ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მოხდება), იუვენტუსი კონტრაქტს გაუხანგრძლივებს და მთავარ გუნდში ნდობას სტაბილურად გამოუცხადებს 19 წლის რუმინელ რადუ დრეგუშინს, რომელიც ანდრეა პირლომ სერია A-ში, იტალიის თასსა და ჩემპიონთა ლიგაში უკვე გამოსცადა. ტურინელთა დაცვის ხაზში მყარად დამკვიდრდა მატეის დე ლიხტი, ხოლო მერიჰ დემირალთან დაკავშირებით, რომელიც მეტ სათამაშო დროს ითხოვს, კლუბი წინადადებებს განიხილავს.  

გამოცდილ მცველს სკუადრა აძურაში 105 მატჩი აქვს ჩატარებული

ჯორჯო კიელინი ტურინის იუვენტუსში 2005 წლის ზაფხულში, ფიორენტინადან გადავიდა. მაშინ იტალიელი მცველის ტრანსფერის ფასმა 7,7 მილიონი ევრო შეადგინა. ჯორჯომ "ბებერ ქალბატონთან" ერთად იტალიის ჩემპიონობა 9-ჯერ, იტალიის თასი 3-ჯერ, ხოლო 4-ჯერ იტალიის სუპერთასი მოიპოვა. კიელინი იტალიის ეროვნულ ნაკრებთან ერთად 2012 წელს ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა.

კომენტარები

ბოლო ამბები