Thumbnail
  • თუკი გარიგება შედგა, კლუბებს პაულო დიბალა და ანტუან გრიზმანი გაცვლიან
  • ეს რომ მოხდეს, ერთბაშად რამდენიმე საკითხია მოსაგვარებელი

იტალიური იუვენტუსი და ესპანური ბარსელონა დიდი გაცვლისთვის ემზადებიან, რომლის მონაწილე, შესაძლოა, მსოფლიო ფეხბურთის 2 ვარსკვლავი გახდეს. ამ ინფორმაციას Calciomercato ავრცელებს.

როგორც ირკვევა, ტურინელებმა კონტრაქტის განახლების თაობაზე მოლაპარაკებები დააპაუზეს პაულო დიბალასთან და არსებობს შანსი, ის გაცვლაში ჩართოს, რომლის შედეგადაც იტალიაში კატალონიელთა თავდამსხმელი ანტუან გრიზმანი გადავა.

მოსალოდნელია, რომ ამ გარიგებაში დიდი როლი ექნება ლიონელ მესის გადაწყვეტილებასაც. თუკი ის ბარსაში დარჩა, მოსალოდნელია, რომ არგენტინის ნაკრებში მისივე თანაგუნდელი დიბალა ბევრ სათამაშო დროს ვერ მიიღებს, ეს კი, პაულოს ინტერესებში არ უნდა შედიოდეს.

გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ გრიზმანი გადასახადების გამოკლებით ბარსელონაში სეზონში 18 მილიონ ევროს იღებს, ამასთან, ივლისიდან მისი ხელფასი კიდევ 3 მილიონით გაიზრდება. ცხადია, რომ ფრანგი ფორვარდი გადაწყვეტილების მიღებამდე ამ საკითხის დეტალურ განხილვასაც მოითხოვს.

ცნობისთვის, 27 წლის დიბალას სერია A-ს მიმდინარე სეზონში მხოლოდ 11 მატჩი აქვს ჩატარებული და აქტივში 2 გოლი და ამდენივე საგოლე პასი გააჩნია. ის ტრავმის გამო მინდორზე 10 იანვრის შემდეგ არ გასულა. გრიზმანს ესპანურ ლიგაში 25 მატჩი აქვს ჩატარებული და დიდად არც ის ბრწყინავს – 7 გოლი, 6 საგოლე პასი. ვთქვათ ისიც, რომ 21 მარტს ფრანგ ფორვარდს 30 წელი უსრულდება.

კომენტარები

ბოლო ამბები