Thumbnail
  • ნიუ ორლეანსი 119:100 გოლდენ სტეიტი
  • გოლდენ სტეიტმა NBA-ს მიმდინარე პლეი ოფში მეორედ წააგო
  • ზაზა ფაჩულიამ თითქმის ერთთვიანი პაუზის შემდეგ ითამაშა 

ნიუ ორლეანს პელიკანსმა დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალური სერიის მესამე მატჩში საკუთარ პარკეტზე მიიღო გოლდენ სტეიტ უორიორსი და პირველი მოგება იზეიმა. სერიაში ანგარიში 2:1 გახდა მოქმედი ჩემპიონების სასარგებლოდ.

საკუთარ კედლებში გათამამებულმა პელიკანსმა თავიდანვე მძლავრად დაიწყო და ასევე დაასრულა, უპირატესობა კი პირველ მეოთხედშივე მოიპოვა, რომელიც 9-ქულიანი სხვაობით მოიგო. მასპინძლები შედარებით სუსტად მხოლოდ მეორე მეთხედში გამოიყურებოდნენ, რომელიც 3 ქულით დათმეს, მაგრამ სამაგიეროდ, დიდი შესვენების შემდეგ კიდევ უფრო გააქტიურდნენ და ეპიზოდებში სხვაობა 25 ქულასაც აღწევდა.

მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე მასპინძელთა ფორვარდი ენტონი დევისი გახდა, რომლის ანგარიშზე 33 ქულა, 18 მოხსნა და 4 ჩაჭრაა. პელიკანსში ორმაგი დუბლი - 10 მოხსნა და 21 პასი რაჟონ რონდომ მიითვალა, ხოლო 16 ქულა და 13 მოხსნა - ნიკოლა მიროტიჩმა. მასპინძლებს 21 ქულით დაემხარა ჯრუ ჰოლიდეი. 

+20 პასი NBA-ს პლეი ოფში - რაჟონ რონდო ლეგენდების გვერდით

ძალიან მაგარი ვიდეო: პასები თავით - ასე ერთობიან თამაშის წინ ზაზა ფაჩულია და სტეფ კარი

ტრიპლ-დაბლთან ახლოს იყო უორიორსის ფორვარდი დრეიმონდ გრინი, რომელმაც თამაში 11 ქულით, 12 მოხსნითა და 9 პასით დაასრულა. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, მოედანზე წინა მატჩში დაბრუნებულმა სტეფ კარიმ ამჯერად სასტარტოში ითამაშა და 19 ქულა ჩააგდო, გოლდენ სტეიტს ყველაზე მეტი - 26 ქულა კი კლეი ტომპსონმა მოუტანა.   

კარიმ პელიკანსთან სამი 3-ქულიანი ჩააგდო და ახლა ოკლენდელთა გამთამაშებლის აქტივში პლეი ოფებში ჯამში 322 ზუსტი სამქულიანია. კარიმ უკან ჩამოიტოვა ინდიანა პეისერსის ყოფილი ლიდერი რეჯი მილერი (320) და NBA-ს ისტორიაში ამ მაჩვენებლით მეოთხე ადგილზე აღზევდა. პლეი ოფებში ყველაზე მეტი სამქულიანი რეი ალენის (385) ანგარიშზეა, მეორე - კლივლენდის ფორვარდი ლაბრონ ჯეიმსია (345), მესამე კი - სან ანტონიოს ვეტერანი მანუ ჯინობილი (324).

ზაზა ფაჩულია თამაშში ხუთი წუთით ჩაერთო

სტუმართა ქართველი ცენტრი, რომელსაც 11 აპრილის შემდეგ არ უთამაშია, ნიუ ორლეანსის პარკეტზე სათადარიგოთა სკამიდან გავიდა, მოედანზე გატარებულ თითქმის 5 წუთში კი ზაზამ 3 ქულა, 5 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. ფაჩულიამ ორიდან ერთი 2-ორქულიანი და ორიდან ერთი საჯარიმო გამოიყენა. 

სერიის მეოთხე დაპირისპირება 6 მაისს, კვლავ ნიუ ორლეანში გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები