Thumbnail
  • '21 წლისაა და ნამდვილადაა ის კალათბურთელი, რომელზეც დაკვირვებაც უნდა განვაგრძოთ'
  • ინდიანა პეისერსის ქართველი ცენტრის თამაშს ამჯერად Cbssports გამოეხმაურა

ინდიანა პეისერსის 21 წლის ქართველმა ცენტრმა გოგა ბითაძემ დენვერ ნაგეთსთან წაგებულ (106:121) მატჩში მოედანზე მხოლოდ 9 წუთი გაატარა, თუმცა, სპეციალისტთა უმრავლეობას კიდევ ერთხელ დაანახა, რომ მეტ სათამაშო დროს იმსახურებს. გოგას თამაშს დადებითად გამოეხმაურა IndyStar, ახლა კი მასზე Cbssports-მაც დაწერა:

“ბოლო 3 მატჩია ბითაძე ისევ გამოჩნდა ინდიანას როტაციაში და საშუალოდ 7.3 წუთში 2.7 ქულას, 1.7 მოხსნას, 1.0 დაფარებასა და 0.7 ჩაჭრას აგროვებს. მას სასტარტო ცენტრი მაილს ტერნერისთვის დიდი დრო არ წაურთმევია, თუმცა, ლიმიტირებულ წუთებშიც კი გვაჩვენა, რისი გაკეთება შეეძლება, თუკი მწვრთნელი მას უფრო მეტად ენდობა. გოგა განსაკუთრებით შთამბეჭდავად დენვერთან გამოიყურებოდა, როდესაც მხოლოდ 9 წუთში, მათ შორის, 3 დაფარება და 2 ჩაჭრა ჰქონდა. ბითაძე მხოლოდ 21 წლისაა და ნამდვილადაა ის კალათბურთელი, რომელზეც დაკვირვებაც უნდა განვაგრძოთ”.

სხვათა შორის, ნაგეთსთან მატჩშივე მოხდა ამბავი, რომელსაც პეისერსის ფანები ამ დრომდე განიხილავენ. ურთიერთობა დაიძაბა გუნდის მთავარ მწვრთნელ ნეიტ ბიორკგრენსა და ლიეტუველ ფორვარდ დომანტას საბონისს შორის, რომელმაც მცირე ხნის წინ ატლანტაში “ყველა ვარსკვლავთა მატჩში” ითამაშა.

საქმე ასე იყო: თამაშის დასრულებამდე სამიოდ წუთი რჩებოდა, ინდიანა 97:133-ს აგებდა და ცხადია, რომ მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო. მწვრთნელმა სწორედ ამ დროს გადაწყვიტა, რომ საჯარიმოს შემდეგ, საბონისს სათადარიგოთა სკამზე უნდა გადაენაცვლა. დომანტასს ეს ძალიან არ მოეწონა, სროლას არ დაელოდა და მოედანი ისე დატოვა, თანაც ბიორკგრენის მიმართ “ტკბილი” სიტყვები არ დაუშურებია.

საბონისი იმ ფაქტმა გააბრაზა, რომ მას იმ დროისთვის 10 ქულა, 10 პასი და 9 მოხსნა ჰქონდა და კარიერაში მე-10 სამმაგ დუბლს 1 მოხსმა აშორებდა. თავის მხრივ, მწვრთნელის გადაწყვეტილებაც სრულიად გასაგები გახლდათ. პეისერსს დასკვნით მეოთხედში მხოლოდ 6 ქულა ჰქონდა ჩაგდებული, ლიეტუველი ლეგიონერმა კი ზედიზედ რამდენიმე ეპიზოდში უხეირო ითამაშა. ამდენად, სხვებისთვის შანსის მიცემაც ლოგიკურად გამოიყურებოდა.

ყველაფერს დამატებული, საბონისს დენვერთან მატჩში ცხვირიც გაუტეხეს

ინდიანას მიმომხილველ სკოტ ეგნესის განცხადებით, ეს, პირველი შემთხვევაა, როდესაც მიმდინარე სეზონში გუნდის რომელიმე კალათბურთელმა მწვრთნელის მოქმედებით საჯარო უკმაყოფილება გამოხატა. მით უფრო გასაკვირია, რომ ეს კალათბურთელი საბონისი აღმოჩნდა, რომელსაც პეისერსში სრული კარტ-ბლანში აქვს მიცემული და ბევრი იმასაც თვლის, რომ პირველ პლანზე არა – გუნდურ, არამედ პირად ინტერესებს აყენებს. დომანტასის გაბრაზებაც იმის გამო, რომ მას სამმაგი დუბლი არ შეასრულებინებს, მხოლოდ ამაზე მეტყველებს.

საფიქრებელია, რომ ბალტიისპირელის არამდგრადი მდგომარეობა გუნდის ბოლოდროინდელი შედეგებითაც არის განპირობებული. ინდიანამ უკანასკნელი 9 მატჩიდან 7 წააგო და თუკი ასე განაგრძო, დიდი შანსია, პლეი ოფს მიღმა დარჩეს, რაც გაპიარებული საბონისის გეგმები ნამდვილად არ შედის. შეგახსენებთ, რომ პეისერსს აღმოსავლეთ კონფერენციაში 17 მოგება და 21 მარცხი გააჩნია, მე-10 ადგილზეა და უკვე 3 გამარჯვებით ჩამორჩება მე-8 პოზიციაზე მყოფ ნიუ იორკ ნიქსს. ინდიანა მომდევნო შეხვედრას 18 მარტის დილას ერთ-ერთ ლიდერ ბრუკლინ ნეთსთან გამართავს და ფავორიტი იქაც არ იქნება.

📺 ბითაძე დენვერთან

კომენტარები

ბოლო ამბები