Thumbnail

საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი დღეს ჟურნალისტების წინაშე პირველად წარსდგა, მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებზე ისაუბრა და კითხვებსაც უპასუხა. განსაკუთრებით საინტერესო იყო ფრანგი მწვრთნელის განცხადებები შემადგენლობასთან და უახლოეს სამ მატჩში მოლოდინებთან დაკავშირებით. სანიოლთან ერთად, პრესკონფერენციაზე სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილიც იმყოფებოდა. ყველაფერს, რაზეც ნაკრების ფრანგმა დამრიგებელმა ისაუბრა, ქვემოთ წაიკითხავთ.

ვილი სანიოლი (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი)

...ყაზაიშვილის, გვილიას, კვერკველიას და მაკარიძის შესახებ: „ეს ჩემთვის განსაკუთრებული მომენტია - ბედნიერი ვარ, რომ ერთმანეთს შევხვდით. რა თქმა უნდა, ყველა ფეხბურთელს ვაკვირდებოდით და გადაწყვეტილების მიღება ადვილი არ იყო. გასაგებია, რომ არიან ფეხბურთელები, რომლებიც ადრე რეგულარულად თამაშობდნენ, მაგრამ ეს ახალი ეტაპი, ახალი თავგადასავალია. ფაქტობრივად ყველაფერი ნულიდან იწყება და ფეხბურთელებმა ყოველკვირეულად უნდა დაამტკიცონ, რომ ნაკრებში თამაშს იმსახურებენ. სათამაშო პრაქტიკიდან გამომდინარე, შევარჩიეთ ის მოთამაშეები, რომლებიც ვფიქრობ, რომ ყველაზე მეტად მზად არიან ამ კონკრეტული მატჩებისთვის. რაც შეეხება მაკარიძეს: ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ კლუბთან ვითანამშრომლოთ, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება არის ჩვენი და არა კლუბის. არსებობს, ფიფას წესები და კლუბები ვალდებულები არიან, ფეხბურთელები ნაკრებში გამოუშვან."

...საქართველოს ჩემპიონატის შესახებ შთაბეჭდილებაზე: "საქართველოს ჩემპიონატში თამაში ნაკრებში მოსახვედრად არასდროს უნდა წარმოადგენდეს დაბრკოლებას. რამდენიმე ფეხბურთელი გამოვიძახეთ - ჯიღაური, ჩაბრაძე, კუპატაძე, მამარდაშვილი. ცხადია, არსებობს უფრო ძლიერი ლიგები, მაგრამ ეს დაბრკოლება არ არის. ეროვნული ლიგიდან მოთამაშეები ამ ეტაპზეც შევარჩიეთ და მომავალშიც ასე იქნება."

'უფრო მეტი პოტენციალი შეტევაში ჩანს, მაგრამ ვერ ვიტყოდი, რომ რომელიმე პოზიციაზე ახლა პრობლემა გვაქვს'

...შემადგენლობაზე პოზიციების მიხედვით: "ყველა ნაკრებში, წამყვან საფეხბურთო ქვეყნებშიც კი არსებობს გარკვეული პრობლემები შემადგენლობასთან დაკავშირებით, რადგან სანაკრებო ფეხბურთში მოთამაშის ყიდვა შეუძლებელია. ამ ეტაპზე ვერ ვიტყოდი, რომ პოზიციებზე პრობლემები გვაქვს. საქართველოში ახალგაზრდული ფეხბურთი კარგ დონეზეა, გვყავს ახალგაზრდა მოთამაშეები - მაგალითად, ჩაბრაძე, ბერიძე, მიქაუტაძე და მათი იმედი გვაქვს. უფრო მეტი პოტენციალი შეტევაში ჩანს, მაგრამ ვერ ვიტყოდი, რომ რომელიმე რგოლში პრობლემა გვაქვს ამ დროისთვის."

სანიოლის დებიუტი ნაკრების მწვრთნელის პოსტზე შვედეთთან გასვლით მატჩში, 25 მარტს შედგება

...ესაუბრა თუ არა ჟირესს და გაითვალიწინებს თუ არა ნაკრების სხვა უცხოელი მწვრთნელების შეცდომებს: "ალენ ჟირესთან არ მისაუბრია, მაგრამ შევეცდები, მომავალში გავესაუბრო. მე ვიცნობდი ლევან კობიაშვილს, ალექსანდრე იაშვილს და მათგან ბევრი ვიცი. ამ ეტაპზე მთავარი იყო ფეხბურთელებზე დაკვირვება და შემადგენლობის შერჩევა."

...შეხვდა თუ არა ეროვნული ლიგის მწვრთნელებს: "სამწუხაროდ მწვრთნელებთან შეხვედრა ჯერ არ მქონია, დაკავებული ვიყავი საწყის ეტაპზე, მაგრამ მომავალში ეს შეხვედრა აუცილებლად შედგება და ყველაფერზე ვისაუბრებთ."

...მაკარიძეზე კონკრეტულად: "ყველა ჯანმრთელი ფეხბურთელი ნაკრებშია. გიორგი მაკარიძე არის ერთადერთი, რომლის შესახებ კლუბის გამო საუბარი გვქონდა. გათვალისწინებული იყო არგუმენტები, რადგან მისი კლუბი იბრძვის ლა ლიგაში გადასასვლელად და არის კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომლის კლუბთან იყო გარკვეული პრობლემა, მაგრამ სხვა შემთხვევაში პრობლემა არ გვქონია."

'წინა მწვრთნელებზე საუბარი არ მსურს. ყველას თავისი აზრი აქვს'

...წინა მწვრთნელებზე და კაპიტანზე: "წინა მწვრთნელებზე საუბარი არ მსურს. ყველას თავისი აზრი აქვს. ფეხბურთელი თუ უთამაშებელია, უმჯობესია, ის საერთოდ არ გამოიძახო. ვეცდები, რომ მომავალში ამ პრინციპით ვიმუშაო. ჯაბა კანკავა ძალიან გამოცდილი ფეხბურთელია და მასზე ბევრი დადებითი მსმენია, მაგრამ მასთან არ მისაუბრია და მომავალ სამ თამაშში ის იქნება ჩვენი კაპიტანი. კაპიტნის შეცვლაზე საუბარი ახლა ძალიან ნაადრევია, მომავალში კი ყველაფერი შეიძლება მოხდეს."

...სათამაშო სტილზე: "ყველას სურს შემტევი ფეხბურთის თამაში, დიდი ანგარიშით გამარჯვება, მაგრამ ჩემი ფილოსოფია უნდა მოვარგო ჩვენს რესურსს. ჩვენ ბევრი კარგი მოთამაშე გვყავს, ყველა მატჩი განსხვავებულია და ჩვენი სტილი მეტოქეებიდან გამომდინარე უნდა შევარჩიოთ. მთავარია, რომ ჩვენი რესურსი მოერგოს ჩემს ფილოსოფიას."

...საქართველოში ჩამოსვლის ფაქტორებზე: "პირველ ინტერვიუში ვრცლად ვისაუბრე იმის შესახებ, თუ რატომ გადავწყვიტე აქ ჩამოსვლა. ბევრი ფაქტორია, სპორტული, ფინანსური და ასე შემდეგ, მაგრამ მთავარი ადამიანური ფაქტორია. ფედერაციის წარმომადგენელებს, რომლებსაც თითქმის 20 წელია ვიცნობ, ძალიან სურდათ, რომ აქ ჩამოვსულიყავი და ამიტომაც მივიღე ეს შეთავაზება. ჩემს კარიერაში პაუზა ოჯახური პირობების გამო მქონდა, მხოლოდ ეს იყო მიზეზი, მაგრამ ვფიქრობ, რომ საქართველოში ჩამოსვლა ჩემთვის წინ გადადგმული ნაბიჯია."

ალექსანდრე იაშვილი და ვილი სანიოლი

...ზლატანზე: "იბრაჰიმოვიჩი დიდებული ფეხბურთელია და მე ყოველთვის მსურს დიდი მოთამაშეების წინააღმდეგ თამაში - როგორებიც არიან იბრაჰიმოვიჩი, მესი, რონალდო, მბაპე... ეს დიდი გამოწვევაა და ჩვენს ფეხბურთელებსაც გამოადგებათ ასეთ მოთამაშეებთან დაპირისპირება."

...გადატვირთულ კალენდარზე: "კონკრეტული თამაშებისთის 25 ფეხბურთელზე მეტს ვერ გამოვიძახებ. მიმაჩნია, რომ პროფესიონალი ფეხბურთელისთვის დიდ სირთულეს არ უნდა წარმოადგენდეს ყოველ სამ-ოთხ დღეში ერთხელ თამაში და ეს მათაც წაადგებათ, რადგან კლუბშიც იგივე რეჟიმში თამაშობენ."

...დისციპლინის მნიშვნელობაზე: "გერმანიაში გადასვლის შემდეგ ბევრი რამ ვისწავლე. მივხვდი, რომ დისციპლინის და შრომის გარეშე წარმოუდგენელია რამის მიღწევა. ფეხბურთელებსაც ამას ვეუბნები.

...მიქაუტაძის შესახებ: "მას ბევრი ვესაუბრე, მაგრამ ფედერაციის მხრიდან იყო დიდი ჩართულობა, მასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, რათა არჩევანი საქართველოს ნაკრებზე გაეკეთებინა."

'ძალიან რთულ ჯგუფში ვართ, მაგრამ დისციპლინით და შრომით ყველაფერი შესაძლებელია'

...ჯგუფის და მოლოდინების შესახებ: "ფეხბურთელებს ხშირად ვუმეორებ, რომ დსიციპლინა და გუნდური თამაში ნებისმიერი გუნდისთის პრიორიტეტული უნდა იყოს. ფეხბურთელებმა მაკედონიასთან თამაში და ფინალში წაგებით მიღებული დარტყმა უნდა დაივიწყონ. ეს მოტივაციას უნდა წარმოადგენდეს, რომ მომავალში კიდევ ერთი შანსი მიიღონ დიდ ტურნირზე მოსახვედრად. ჩვენ უნდა გვქონდეს რეალური მოლოდინები. რა თქმა უნდა, ძალიან რთულ ჯგუფში ვართ, ადვილი არ არის, მაგრამ დისციპლინით და შრომით ყველაფერი შესაძლებელია."

...ხვიჩა კვარაცხელიას პოზიციაზე: "კვარაცხელიას პოზიციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული მაქვს, მაგრამ ცხადია, შვედეთის ნაკრების მწვრთნელს კოზირს არ მივცემ და ამაზე მეტს არაფერს ვიტყვი. მიხარია, რომ ხვიჩა კარგ ფორმაშია.

...ამირან სანაიას შესახებ: "მას ვაკვირდებოდი, მაგრამ ამ ეტაპზე მივიღე გადაწყვეტილება, რომ აქცენტი ახალგაზრდა ფეხბურთელებზე გაგვეკეთებინა, თუმცა მას მომავალშიც დავაკვირდებით. ზოგადად, ჩვენთვის ახალგაზრდა მოთამაშეები ძალიან მნიშვნელოვანია და ზურა ხიზანიშვილი ძალიან მეხმარება ამ საკითხში. დავესწრებით ასაკობრივი ნაკრებების თამაშს, მათ შორის ბელარუსის ნაკრებთან."

...ქართველი ფეხბურთელების ნაკლებობაზე დიდ კლუბებში: "ვფიქრობ, რომ არსებობს პოტენციალი, დიდ კლუბებში ითამაშონ. მაგალითად, გიორგი ჩაკვეტაძეს ტრავმები რომ არ მიეღო, დარწმუნებული ვარ, უკვე დიდ გუნდში იქნებოდა."

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მიმდინარე თვეში სამ მატჩს ჩაატარებს - 25 მარტს, სტუმრად შვედეთთან, 28 მარტს - თბილისში, ესპანეთის ნაკრებთან და 31 მარტს, სალონიკიში, საბერძნეთის ნაკრებთან. რაც შეეხება ვილი სანიოლს: ის საქართველოს ნაკრების მწვრთნელად ოფიციალურად 15 თებერვალს დაინიშნა და მას შემდეგ საქართველოშია. სანიოლთან 2-წლიანი კონტრაქტია გაფორმებული, გახანგრძლივების შესაძლებლობით.

კომენტარები

ბოლო ამბები