Thumbnail

საქართველოს ნაკრების ფრანგმა მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა. სიაში ერთ-ერთი დებიუტანტია 20 წლის ჟორჟ (გიორგი) მიქაუტაძე, რომელმაც ახლახან მიიღო საქართველოს მოქალაქეობა. საფრანგეთში დაბადებულმა და გაზრდილმა ფეხბურთელმა გადაწყვიტა, თავისი ისტორიული სამშობლოს სახელით ითამაშოს. 

შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძე ფრანგული ლიგა 1-ის მეცის საკუთრებაა და იჯარით ბელგიურ სერენში თამაშობს. მას 19 მატჩში 18 გოლი აქვს გატანილი. ახლახან მან მეცთან ხელშეკრულება 2025 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა. 

მიქაუტაძის არჩევანს ბელგიური კლუბი სერენი გამოეხმაურა: "ვულოცავთ ჩვენს ბომბარდირს, რომელიც უკვე საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრია. ჟორჟი 2022 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო მატჩებს ითამაშებს. მას დიდი მატჩები ელის 25-31 მარტს შვედეთთან, ესპანეთთან და საბერძნეთთან".

როგორ გამოეხმაურნენ მიქაუტაძის არჩევანს ფრანგები

მეცის ფანების რამდენიმე გაერთიანებამ სფფ-ის მიერ დასახელებული შემადგენლობის პოსტი გააზიარა სოციალურ ქსელებში. აღსანიშნავია, რომ ფრანგი ფანები ძირითადად აღფრთოვანებით შეხვდნენ მიქაუტაძის გადაწყვეტილებას და მას წარმატებას უსურვებენ.

TEAM GRENAT: "დიდი სიახლე მიქაუტაძესთან დაკავშირებით. სერენში 19 მატჩში 18 გოლი გაიტანა და მას პირველად დაუძახეს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, რომელსაც ვილი სანიოლი ხელმძღვანელობს. ის მუნდიალის საკვალიფიკაციო მატჩებში შვედეთთან, ესპანეთთან და საბერძნეთთან ითამაშებს. რა მაგარი ჯილდოა ჩვენს კლუბში გაწვრთნილი ფორვარდისთვის!"

მეცის ერთ-ერთი ფანი @nathan_samaa გაკვირვებული კითხულობს: "კი, მაგრამ ის ხომ ფრანგია?". "ფრანკო-ქართველია. მას არცერთ ნაკრებში არ უთამაშია და არჩევანის უფლება ჰქონდა" - პასუხობენ გაკვირვებულ ნათანს. Tol gaa: "მეცმა შემდეგ სეზონში ის აუცილებლად უნდა დააბრუნოს ლიგა 1-ში. თუ არ ვცდები, მისი მამა ქართველია, დედა კი - ბრაზილიელი".

Benjamin Garnier: "ვულოცავთ მიქაუტაძეს ეროვნულ ნაკრებში პირველ მიწვევას". Thibaud: "ბრავო მიქაუტაძეს Grenat-ის ხალხი ძალიან ამაყობს შენით". Klass&Deuch: "მიქაუტაძე ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრებში გამოიძახა. დიდებული კვირა აქვს მას. ჯერ მეცმა კონტრაქტი გაუგრძელა, ახლა ეს". InfinityLloyd: "მე უფრო მომეწონებოდა, საფრანგეთი რომ აერჩია, მაგრამ ვულოცავ ჟორჟს ეროვნულ გუნდში მიწვევას".  

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები პირველ საკვალიფიკაციო მატჩს შვედეთში 25 მარტს გამართავს. მიქაუტაძის დებიუტი შესაძლოა, პირველივე შეხვედრაში შედგეს. 

კომენტარები

ბოლო ამბები