Thumbnail
  • ზორან მამიჩს განაჩენი ორშაბათს გამოუტანეს
  • ხორვატი დანაშაულს არ აღიარებს, მაგრამ ციხეში მიდის

ზაგრების დინამოს მთავარი მწვრთნელი ზორან მამიჩი დიდი ოდენობით ფულის მითვისება-გაფლანგვის ბრალდებით გაასამართლეს. 49 წლის სპეციალისტი უკვე გადადგა კლუბის მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან. რაც შეეხება განაჩენს, რომელიც სასამართლომ ორშაბათს გამოიტანა: ის ციხეში 4 წელს და 8 თვეს გაატარებს!

განაჩენის გამოტანიდან ცოტა ხანში, ზაგრების დინამომ მამიჩის გათავისუფლება ოფიციალურად დაადასტურა. მას ბრალად ედება რამდენიმე მილიონი ევროს ოდენობის თანხის გაფლანგვა. გასამართლებულია მისი ძმა ზდრავკო მამიჩიც, რომელსაც თავისუფლების ექვსწლინახევრით აღკვეთა მიუსაჯეს.

“დანაშაულს არ ვაღიარებ, როგორც უკვე ვთქვი, მაგრამ სასამართლოს საბოლოო განაჩენი უნდა მივიღო. დინამო ზაგრების მთავარი მწვრთნელისა და სპორტული დირექტორის თანამდებობას ვტოვებ,” - ნათქვამია მამიჩის განცხადებაში, რომელიც კლუბმა გამოაქვეყნა.

ზაგრების დინამო ხუთშაბათს, ევროპალიგის მერვედფინალის საპასუხო მატჩში ტოტენჰემს ეთამაშება. პირველი მატჩი ტოტენჰემმა 2:0 მოიგო.

აქტიური სპორტული კარიერის დროს, მამიჩი გერმანიაშიც თამაშობდა, სადაც ლევერკუზენის, ბოხუმის და ფიურტის რიგებში ასპარეზობდა, ყველაზე დიდხანს კი ზაგრების დინამოს ღირსებას იცავდა.

კომენტარები

ბოლო ამბები