Thumbnail

დენვერმა გოგა ბითაძის ინდიანას კი მოუგო, მაგრამ მესამე პერიოდში უცნაური ამბები მოხდა - ნაგეთსი, მოულოდნელად, ძალიან სუსტად გამოიყურებოდა და პირველ ტაიმში მოპოვებული უპირატესობა კინაღამ ქარს გაატანა. თუმცა ბოლო მეოთხედში ყველაფერი დალაგდა - ნიკოლა იოკიჩმა (32 ქულა, 11/25, 14 მოხსნა, 5 პასი) და კომპანიამ თამაში საბოლოოდ გამარჯვებამდე მიიყვანეს (121:106).

დენვერი დიდ შესვენებაზე 11 ქულით იგებდა, მაგრამ მესამე მეოთხედში თითქმის აღარაფერი გამოუვიდა და ბოლო პერიოდის წინ პეისერსი 2 ქულით წინ იყო. თუმცა ბოლო პერიოდი ნაგეთსმა 14:0 გაქცევით დაიწყო და ყველაფერი ცხადი გახდა. მატჩის ბოლო ფაზაში ინდიანას ბრძოლაში დაბრუნების შანსი აღარ ჰქონია.

იოკიჩი (N15) 32 ქულით და 14 მოხსნით საუკეთესო იყო

გოგა ბითაძე ამჯერად 9 წუთი ათამაშეს და ამ დროში მხოლოდ 3 ქულის მოპოვება შეძლო. პეისერსის ქართველმა ცენტრმა 3-ჯერ ისროლა 2-ქულიანი და ერთი ჩააგდო. გარდა ამისა, მან ერთიდან ერთი საჯარიმოც გამოიყენა, სამქულიანის მცდელობა კი ერთი ჰქონდა და ისიც უშედეგო. ამასთან, გოგას 2 მოხსნა ჰქონდა და ორივე დაცვაში. პლუს ამას, ბითაძემ 2 ჩაჭრა და 3 დაფარებაც მიითვალა და +/- კოეფიციენტი -2 გამოუვიდა.

დენვერიდან MVP კანდიდატ იოკიჩის გარდა კარგად ითამაშეს ვილი ბარტონმა და მაიკლ პორტერმაც (20-20 ქულა). ჯამალ მარის და ჯამაიკლ გრინს 16-16 ქულა ჰქონდათ. ფაკუნდო კამპაცოს მართალია, ქულა არ ჰქონია, მაგრამ “სკამიდან” 6 ასისტი შეასრულა. ნაგეთსმა ჯამში 28 სამქულიანიდან 15 ჩააგდო (53,6%), ინდიანამ კი - 42-დან 17 (40,5%).

პეისერსიდან საუკეთესო მალკოლმ ბროგდონი გახლდათ 24 ქულით. დამონტას საბონისს (10 ქულა, 10 პასი) სამმაგ დუბლამდე ერთადერთი მოხსნა დააკლდა. კარგი იყო კარის ლევერტიც, რომელმაც ოპერაციის შემდეგ მეორე თამაშში 17 ქულა დააგროვა. მატჩის საუკეთესო მომენტებს ვიდეოში ნახავთ.

კომენტარები

ბოლო ამბები