Thumbnail
  • ფეხბურთის 10 ლეგენდარული მაისური
  • ფორმები, რომლებიც ყველა გულშემატკივარს ახსოვს

ფეხბურთის მაისური ამ სპორტის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო გამოხატულებაა, რომლის ფერსაც იმახსოვრებს ბავშვი და ხშირად მისი საყვარელი კლუბი, უბრალოდ საყვარელი ფერის ფორმის მქონე გუნდი ხდება.

ადრე კლუბებში და ნაკრებებში მაისურების ამბავი ასეთი დარეგულირებული და მოწესრიგებული არ იყო, როგორც ახლაა. მსოფლიოს ჩემპიონატებზეც კი იყო შემთხვევები, მაისურებს თამაშის წინა დღეს საბაზო ქალაქის მაღაზიებში ნაწილ-ნაწილ ეძებდნენ; ყველა თამაშის მერე ფორმის გაცვლაზე საუბარიც კი ზედმეტი იყო...

თუმცა, გავიდა წლები და დღეს ახალი ტექნოლოგიების საშუალებით, ფეხბურთის ნებისმიერი ლეგენდარული ფორმაც კი ხელმისაწვდომია, რამდენიმე მათგანს კი ჩვენ სიაში შეხვდებით. ბოლოს შეგიძლიათ თქვენი საყვარელი ფორმის შესახებ კომენტარებში გვიამბოთ.

#1 ნიდერლანდები (1976): პუმა იოჰან კრუიფის სპონსორი გახლდათ. სწორედ ამიტომ, მისი ნაკრებში ყოფნის პერიოდში, კრუიფის მაისურს, მკლავზე ადიდასის მესამე ზოლს აშორებდნენ. თუმცა ამან ლეგენდარულ ნარინჯისფერ ფორმას ვერაფერი დააკლო. აქვე გეტყვით იმასაც, რომ მსგავსი პრობლემა ლოთარ მათეუსსაც ჰქონდა, რომელსაც მშობლიური პუმას ბუცები ადიდასის მიერ ‘ოკუპირებულ’ გერმანიის ნაკრებში ვერ გახადეს და ბოლომდე პუმას ერთგული გახლდათ, კომპანიის სადაც დედამისი მუშაობდა.

#2 არგენტინა (1986): მექსიკის მუნდიალზე არგენტინის პირველი ფორმა (რასაც სურათზე ხედავთ), მექსიკის კლიმატისთვის იდეალური იყო, მსუბუქი და ჰაერგამტარი. ხოლო უცნაური მეორე ფორმის ამბავია, რაც დიეგოს ინგლისთან ეცვა - მაისურები თამაშამდე ძლივს იშოვეს. იმ ფორმას გულზე ძველი ლოგო აქვს და ნომერიც არასტანდარტულია. პირველი ფორმა კი არგენტინას ნახევარფინალშიც ეცვა და ფინალიც ამ მაისურით მოიგეს.

#3 ინგლისი (1966): უემბლის ფინალში მაისურების ფერის ბედი მონეტამ გადაწყვიტა, ნომინალურ და რეალურ მასპინძელ ინგლისს მეორე ფორმის - წითელი ფერის ჩაცმა მოუწია. შეიძლება დღეს უცნაურად ჟღერს, მაგრამ ეს იყო სულ მესამე შემთხვევა, როდესაც ინგლისმა ოფიციალური სანაკრებო მატჩი საშინაო კედლებში წითელი ფორმით ითამაშა. თუმცა ვერაფერს იტყვი, ფინალში წითელი იღბლიანი გამოდგა. მას შემდეგ ინგლისმა კიდევ 3-ჯერ ითამაშა გერმანიასთან დიდ ტურნირზე წითელი მაისურით - ერთი მოიგო (2000), ერთი ფრედ ითამაშა (1982) და ერთ მატჩში დამარცხდა (2010).

#4 დორტმუნდის ბორუსია (1997): ალბათ ცოტა რამ ასოცირდება 90-იანების ფეხბურთთან ისე, როგორც დორტმუნდის ბორუსიას ფოსფორისფერი ფორმა. ამ ასოცირებას ისიც ამძაფრებს, რომ მაშინ ოტმარ ჰიცფელდის ბორუსია ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი იყო. ისიც გემახსოვრებათ, რომ 1997 წელს, ჩემპიონთა ლიგა მოიგეს და ეს მაისურიც სწორედ იმ სეზონიდანაა, ერთი განსხვავებით - ფინალში იუვენტუსთან ‘Die Continentale’ არ ეწერათ, მხოლოდ ‘C’.

#5 ბრაზილია (1970): ყველაზე დიდი გუნდის დიდი მაისური... პელეს ფერადი კადრების გამოხატულება და მარაკანას ადრეული წლების განუყოფელი ნაწილი. ბრაზილიას ტურნირზე ორი მწარმოებლის მაისური ჰქონდა წაღებული - ერთი ადგილობრივი მწარმოებლის ‘ათლეტას’ და მეორე ‘უმბროს’ მიერ შეკერილი. ფინალში ბრაზილიელებმა უმბროს ჩაცმა არჩიეს, რომელიც უფრო თანამედროვე სტანდარტებთან იყო მიახლოებული. ფორმის მრგვალი საყელო ბრაზილიამ 1998 წლის მუნდიალზეც გაიმეორა, უკვე ნაიკის თანხლებით.

#6 ლივერპული (2004-05): ლივერპულის და კარლსბერგის თანამშრომლობა 1992 წელს დაიწყო და 2010 წელს დასრულდა, როდესაც მერსისაიდელებმა მაისურზე ‘Standard Chartered’ დაიწერეს. დანიური ლუდსახარშის, კარლსბერგის ფორმებში, ყველაზე დასამახსოვრებელი რიბოკთან კოლაბორაციის შედეგი - 2004-05 წლების ლივერპულის ფორმაა, რომლითაც ევროპული ფეხბურთის გრანდმა ჩემპიონთა ლიგა მეხუთედ მოიგო.

#7 არსენალი (გასვლითი / 1991-93): ფეხბურთის უკვდავი დიზაინი, რომელსაც ადიდასმა ‘იტალია’ უწოდა, მხოლოდ არსენალისთვის არ იყო უნიკალური. ამ დიზაინით მაისურები - ჩეხოსლოვაკიის ნაკრებს, მოსკოვის სპარტაკს, კობლენცს, სლოვან ბრატისლავას, რივერ პლეიტს და სხვებს ეცვათ. თუმცა, არსენალის ‘დალურჯებული ბანანი’ ისტორიას შემორჩა, ალბათ უნიკალური ფერების და სახელწოდების გამო.

#8 ნიუ იორკ კოსმოსი (1979): ამერიკის ჩრდილოეთ ამერიკის ლიგა უნიკალური ფეხბურთის ფორმების სამყაროა. 70-იანების ტრენდს არც პელეს, იოჰან ნეესკენსის და ფრანც ბეკენბაუერის ნიუ იორკ კოსმოსი ჩამორჩა. კოსმოსის მაისური ცნობილი ამერიკელი დიზაინერის - რალფ ლორენის შეკერილია და ეს კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს იმაზე, რომ კოსმოსი მხოლოდ ფეხბურთის კლუბი არ იყო და შოუ-ბიზნესის ელემენტებით იყო გაჯერებული.

#9 ვესტ ჰემი (2001-03): ალბათ არაფერია იმაზე ჰარმონიული, როგორც ფილა, დოქტორ მარტენსი, ვესტ ჰემი და პაოლო დი კანიო. ფორმის მწარმოებელი, სპონსორი, კლუბი და მოთამაშე, ერთი სოციალური ფენის სამიზნე ელემენტია. ვესტ ჰემს ფილამდე ‘პონი’ უკერავდა ფორმებს და ეგ კიდევ ცალკე მოსაყოლი, სულ სხვა რომანტიზმის მატარებელი ისტორიაა.

#10 ნაპოლი (1988-89): მარსის და ნაპოლის პარტნიორობაც ფეხბურთის ფორმების ერთ-ერთი პერფექციაა. დიეგომ უეფას თასი მარსის შალის ფორმებში მოიგო. თუმცა, რამდენიმე გამორჩეულ მატჩში ნეაპოლელებს აბრეშუმის მაისურები ეცვათ, რომელსაც მარსი თეთრად ეწერა. მარადონას პერიოდის ნაპოლის ფორმებს იტალიური მწარმოებელი ‘Ennerre’ კერავდა.

ბონუსი - ბოკა ხუნიორსი (ყველა ფორმა): ფეხბურთის მაისური, რომელიც სახლში ალბათ ყველა გულშემატკივარს უნდა ჰქონდეს (რივერის ფანების გარდა) ალბათ ბოკას ლურჯ-ყვითელი მაისურია - ნებისმიერი წლის და ნებისმიერი დიზაინით, ბოკას ფორმის უნიკალური კონცეპტი და ფერთა გამა ყველაფერს იხდენს. ეს 1989-92 წლების საშინაო ფორმაა, წინ ლამაზად დაწერილი ‘ფიატით’, რომელიც გაბრიელ ბატისტუტას ბოკაში გატარებულ პერიოდთან ასოცირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები