Thumbnail
  • ანდრეა პიარდის ბორჯღალოსნების შეხვედრებზე ადრეც უმუშავია
  • ქართველი მსაჯები მოემსახურებიან რუმინეთი-ესპანეთის თამაშს

რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-3 ტურში რუსეთისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებთა მატჩს იტალიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. ამის შესახებ ინფორმაციას რაგბი ევროპა ავრცელებს.

მთავარი არბიტრი ანდრეა პიარდი იქნება, რომელიც გასული წლის მიწურულს, “ბორჯღალოსანთა” ორ მატჩზე გვერდით მსაჯად იყო დანიშნული. მან ირლანდიასთან და ფიჯისთან გვიმსაჯა. ისვე იყო ლაინსმენი 2018 წლის მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოსა და იაპონიის მატჩში. პიარდის კიდეებიდან მანუელ ბოტინო და მარკო ფრანკო დაეხმარებიან, ხოლო ვიდეო-რეფერი მატეო ლიპერინი იქნება.

შეგახსენებთ, 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი პარალელურად 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპიცაა. რუსეთი და საქართველო ამ ტურნირის მესამე ტურის ეგიდით კალინინგრადში ითამაშებენ. მატჩი თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ ლევან მაისაშვილის შეგირდებს ტურნირზე უკვე 2 მატჩი აქვთ მოგებული: 29:16 პორტუგალიაში და 25:19 - ესპანეთში. თავის მხრივ, რუსეთმა მხოლოდ რუმინეთთან თამაში მოასწრო და პრინციპულ მეტოქეს 18:13 სძლია.

ცნობისთვის, 20 მარტსვე ბუქარესტში რუმინეთი ესპანეთს უმასპინძლებს და ამ თამაშს სრულად ქართველ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი რეფერი ნიკა ამაშუკელი იქნება, მას პაპუნა ჭიქაბერიძე და გიგა მშვენიერაძე დაეხმარებიან, ვიდეო-რეფერის მოვალეობას კი სულხან ჩიხლაძე შეასრულებს. ამ დროისთვის, შეჯიბრის 9 ქულით საქართველო ლიდერობს, რუმინეთს 5 ქულა აქვს, რუსეთს – 4, ხოლო ესპანეთსა და პორტუგალია – თითო-თითო.

კომენტარები

ბოლო ამბები