Thumbnail
  • თანამედროვე ფეხბურთის ვარსკვლავები და მათი სუსტი წერტილები
  • ის, რაც მესის, რონალდოს, მიულერს, ბუსკეტსა და დე ხეას აკლიათ 

სრულყოფილი არავინაა. თანამედროვე მსოფლიო ფეხბურთის ისეთ ვარსკვლავებსაც კი, როგორებიც ლიონელ მესი და კრიშტიანო რონალდო არიან, აქვთ სუსტი წერტილი - ერთგვარი აქილევსის ქუსლი.

ქვემოთ იმ ხუთ ფეხბურთელს დავასახელებთ, რომლებსაც, მიუხედავად მათი ვარსკვლავური სტატუსისა, სათამაშო თვისებებში ერთი სახასიათო ნაკლი მაინც აქვთ და ის ყველასთვის თვალსაჩინოა.

#1 ლიონელ მესის ნაკლი - ლიდერის თვისებები

ბარსელონას არგენტინელის ვარსკვლავის კრიტიკა შეიძლება იმის გამო, რომ ის ცოტას დარბის, რეგულარულად ვერ იტანს 11-მეტრიანს, მაგრამ მთავარი ნაკლი, რაც მსოფლიო ფეხბურთის ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს აქვს, ძალიან სუსტად გამოხატული ლიდერის თვისებებია. 

დიახ, მესის შეუძლია მარტომ მოატყუოს მთელი გუნდი, გაიტანოს სუპერგოლები და მოიგოს თამაშები, მაგრამ თანაგუნდელების მოტივირება, გასახდელში სიტყვით გამოსვლა და ყველას აყოლიება, ბარსას კაპიტანს უბრალოდ არ შეუძლია. ის ჩუმი და ნაკლებად კონტაქტურია არა მხოლოდ კლუბში, არამედ არგენტინის ნაკრებშიც, სადაც ფეხბურთელების მხოლოდ ვიწრო წრესთან ურთიერთობს. 

#2 კრიშტიანო რონალდოს ნაკლი - საჯარიმო დარტყმა 

თებერვალში, კროტონესთან მიმდინარე მატჩის მიმდინარეობისას, კრიშტიანო რონალდოს მორიგ წარუმატებელ მცდელობებს, საჯარიმო დარტყმით გაეტანა გოლი, იტალიელი ჟურნალისტი ჯუზეპე პასტორე ტვიტერში გამოეხმაურა. მის თანახმად, პორტუგალიელ ვარსკვლავს ტურინული კლუბის მაისურით იმ დროისთვის 63 საჯარიმო დარტყმა ჰქონდა შესრულებული, საიდანაც გოლით მხოლოდ… ერთი დასრულდა, აქედან 42 შემთხვევაში კი ბურთი სულაც "ცოცხალ კედელს" მოხვდა.

შეიძლება ითქვას, დღეს კრიშტიანო რონალდო საჯარიმო დარტყმის ყველაზე ცუდი შემსრულებელია მსოფლიოში და ალბათ სხვას არავის მისცემდნენ უფლებას, ამდენი "გაფუჭებული" სტანდარტის შემდეგ, კიდევ დაერტყა. ამაზე პორტუგალიელს კარგა ხანია დასცინიან, თავად ფორვარდი კი ვერაფრით ეგუება ფაქტს, რომ ერთ დროს მისი ერთ-ერთი ძლიერი მხარე, დროთა განმავლობაში სადღაც გაქრა.

#3 თომას მიულერის ნაკლი - ტექნიკა და დრიბლინგი

ერთი შეხედვით, წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო შემტევ ნახევარმცველს პრობლემა ტექნიკასა და დრიბლინგთან ჰქონდეს, მაგრამ ზოგჯერ ასეც ხდება. 

ბაიერნის მწვრთნელებიდან ყველაზე მეტად მიულერით აღფრთოვანებული ლუი ვან გაალი იყო, რომელიც ამბობდა: “სანამ კლუბში ვარ, მიულერი სულ ითამაშებს”. დიახ, ნიდერლანდელს, რომელსაც დრიბლინგი დიდად არ ხიბლავდა და მას ბურთის დაკარგვის მიზეზად მიიჩნევდა, თომასის აშკარა ნაკლი ერთი-ერთზე თამაშის დროს პრობლემას სულაც არ უქმნიდა.

თომას მიულერის მოძრაობის ანტისაფეხბურთო პლასტიკა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორების პაროდიას უფრო მოგაგონებთ, მაგრამ ჭკვიანი გერმანელი გამწვავებას დრიბლინგის გარეშე, სხვა საშუალებებით ახერხებს. დიახ, თამაშის გაგების მხრივ, მიულერი გენიოსი რომ არ იყოს, თავისი საბაზისო სათამაშო სქილებით, ის ტოპფეხბურთელი ალბათ ვერასდროს გახდებოდა.

#4 - სერხიო ბუსკეტსის ნაკლი - სისწრაფე

მის თამაშში გრაცია იმდენივეა, რამდენიც ბრწყინვალე საფეხბურთო აზროვნება. შესაძლოა, ისტორიაში საუკეთესო საყრდენი-მეტრონომია, რომელიც კარნახობს თამაშის ტემპს და მას რომ მაღალი სისწრაფეც ჰქონდეს, ის ჩავიზე მეტი თუ არა, ნაკლები არ იქნებოდა. 

ასე კი, ბარსელონაში გატარებული მთელი კარიერის განმავლობაში ჩანს, რომ ბუსკეტსი მაშინვე სრულიად უსარგებლო მოთამაშე ხდება, როდესაც მეტოქე სწრაფ იერიშს ავითარებს. ის ვერ ასწრებს დაკარგულ ბურთზე რეაგირებას. თუკი ბურთი მისგან 2-3 მეტრშია, ბარსელონას 32 წლის ნახევარმცველი რაღაცას კიდევ ცდილობს, მაგრამ თუ მანძილი მეტია, ის უბრალოდ მაყურებელი ხდება.

ბუსკეტსმა ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში ბარსელონას მაისურით სულ 15 გოლი გაიტანა, რაც დიდწილად იმის ბრალიცაა, რომ ის დროულად ვერ ასწრებს შეტევაში ჩართვას. შესაბამისად, ის თავისი პოზიციიდან დაშორებასაც ვერ რისკავს, რადგან იცის, რომ შემდეგ უკან დაბრუნებას ვეღარ მოასწრებს.

#5 - დავიდ დე ხეას ნაკლი - გამოსვლაზე თამაში

მიუხედავად იმისა, რომ საკმარისად ტანმაღალია (192 სმ), მანჩესტერ იუნაიტედის ესპანელი მეკარე ძალიან სუსტია მაღალ ბურთზე რეაგირების დროს, ეს კი ინგლისის პრემიერლიგაში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი სათამაშო კომპონენტია. 

დიახ, დე ხეა ფენომენალურია ხაზზე, მაგრამ როდესაც საქმე კარის დატოვებას ეხება, მანჩესტერ იუნაიტედს სერიოზული პრობლემები იქმნება. საჰაერო ორთაბრძოლების დროს, მეტოქე გუნდების შემტევები დავიდს ხშირად ბავშვივით ჩაგრავენ.

ფაქტია, პრემიერლიგის ბოლო ოთხი სეზონის განმავლობაში, დე ხეა ტოპ-15 მეკარეს შორის ვერასდროს მოხვდა საჯარიმო მოედანში მაღალი ჩაწოდებული ბურთების დაუფლების მაჩვენებლით. ესპანელი მეკარის ნაკლის კომპენსირებას მანჩესტერ იუნაიტედი ტანმაღალი ცენტრალური მცველებითა და დაცვის ხაზის ლამის კარამდე დაწევით ცდილობს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები