Thumbnail
  • 29 წლის ქართველ ჩოგბურთელს დოჰას ტურნირის მოგება დაუფასდა
  • ნიკოლოზ ბასილაშვილს მორიგი წინსვლის შანსი დუბაიში ექნება

29 წლის ქართველ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს გასულ კვირას ყატარის დედაქალაქ დოჰაში გამართული ტურნირის მოგება დაუფასდა და პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) რეიტინგში შესამჩნევი წინსვლა განიცადა.

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილმა დოჰაში ზედიზედ 5 გამარჯვება იზეიმა, რისი წყალობითაც კლასიფიკაციაში 240 ქულა მიიღო და 42-ედან 36-ე ადგილზე გადაინაცვლა. ცნობისთვის, იდენტური მონაგარი გააჩნია 35-ე პოზიციაზე მყოფ პოლონელ ჰუბერტ ჰურკაჩს და შორს არც სერბი ფილიპ კრაინოვიჩი და ფრანგი ადრიან მანარინო არიან, ამდენად, ნიკოლოზს შემდგომი წინსვლის კარგი შანსი აქვს.

📺 ბასილაშვილი v ბაუტისტა-აგუტი [ფინალის მიმოხილვა]

როგორც უკვე ვიუწყებოდით, ბასილაშვილმა დოჰადან არაბეთის გაერთიანებული საამიროების ქალაქ დუბაიში გადაინაცვლა და მიმდინარე კვირაში ძალებს Dubai Duty Free Tennis Championships-ზე (საპრიზო ფონდი 2 048 855 დოლარი) სცდის. ნიკოლოზი ტურნირში პირდაპირ მე-2 წრიდან ჩაებმება და ამერიკელ ტეილორ ფრიცთან თამაში მოუწევს. შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზი ფრიტს ყატარშიც დაუპირისპირდა და 7:6 (7:3), 6:1 სძლია, 2017 წელს კი, მასთან ჩინურ ჩენგდუში 3:6, 6:3, 1:6 აქვს წაგებული.

ვთქვათ ისიც, რომ დღეს განახლებულ რეიტინგში 12 008 ქულით პირველობას სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი ინარჩუნებს, მე-2 ადგილზე კი რუსმა დანიილ მედვედევმა (9 940) გადაინაცვლა, რომელმაც გასულ კვირაში მარსელში გამართული ტურნირი მოიგო. მედვედევმა კლასიფიკაციაში ესპანელ რაფაელ ნადალს (9 670) გადაასწრო, შემდეგ კი ავსტრიელი დომინიკ ტიმი (8 625) და ბერძენი სტეფანოს ციციპასი (6 765) მოდიან.

კომენტარები

ბოლო ამბები