Thumbnail
  • ოლივერ კანმა ჰანსი ფლიკზე და ბაიერნის საკადრო გეგმებზე ისაუბრა
  • რეკორდმაისტერის მომავალი შეფისთვის მთავარი თანმიმდევრულობაა

მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ იოახიმ ლიოვი გერმანიის ნაკრებს დატოვებს, ხოლო იურგენ კლოპმა კი განაცხადა, რომ ბუნდესგუნდის დამრიგებელი ვერ გახდება, კანდიდატებს შორის ფავორიტი ჰანსი ფლიკი გახდა. თუმცა ეს უკანასკნელი ბაიერნის მთავარი მწვრთნელია და მიუნხენურ გრანდში მისი გაშვება არავის სურს. ‘კიკერთან’ ინტერვიუში რეკორდმაისტერის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ოლივერ კანი ამ საკითხსაც შეეხო.

კანი ფლიკთან დაკავშირებულ ცნობებს მშვიდად უყურებს, რადგან “ჰანსის მიუნხენურ გრანდთან კონტრაქტი 2023 წლამდე აქვს გაფორმებული.” ოლიმ აღნიშნა, რომ ფლიკის შესაძლო დაკარგვაზე ოდნავადაც არ ნერვიულობს.

ჰანსი ფლიკი შარშან გერმანიის წლის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს

გარდა ამისა, კანმა ინტერვიუში ბაიერნის საკადრო გეგმების შესახებაც ისაუბრა. მიუხედავად კორონაკრიზისისა, რამაც რეკორდმაისტერს ბევრი მილიონო დააკარგვინა, მიუნხენური გრანდის ბოსები წამყვანი ფეხბურთელების გაყიდვაზე არ ფიქრობენ.

“ბაიერნის წარმატების მთავარი ფაქტორი ყოველთვის თანმიმდევრულობა იყო. ჰო, ჩვენ აღარ ვართ ისეთ ზღაპრულ შლარაფენლანდში, სადაც რძე და თაფლი შეუზღუდავად მოედინება. კორონავირუსმა ბევრი რამ წაგვართვა - შემოსავალი ძალიან შეგვიმცირა. ვიცით, რომ მომდევნო წლებში რამდენიმე დიდი ფეხბურთელი დაგვტოვებს, მაგრამ ისიც ვიცით, რომ ბაიერნის დიდ ისტორიაში ყოველთვის ასე იყო: ტოპ-ფეხბურთელები ადრე თუ გვიან მიდიოდნენ, მაგრამ ჩნდებოდნენ ახლები და ბაიერნის წარმატებები არ შეწყვეტილა. სწორედ ასე უნდა გაგრძელდეს.” - აღნიშნა 51 წლის კანმა.

ლევანდოვსკის ბაიერნთან კონტრაქტი 2023 წელს უმთავრდება

თუმცა ოლიმ იქვე დასძინა, რომ ნებისმიერი ტოპფეხბურთელის შენარჩუნებას ეცდება, ვისაც შეუძლია, რომ ბაიერნს წარმატებები მოუტანოს: “ლევანდოვსკის, ნოიერს და მიულერს კონტრაქტები 2023 წლამდე აქვთ გაფორმებული. რატომ არ უნდა ვიფიქროთ მათთან ხელშეკრულებების გაგრძელებაზე, თუკი ისე ითამაშებენ, როგორც ახლა თამაშობენ?”

ოლივერ კანი 2020 წლიდან სააქციო საზოგადოება ბაიერნ მიუნხენის დირექტორთა საბჭოს წევრია და ამ წლის ბოლოს მისი თავმჯდომარე უნდა გახდეს და შეცვალოს კარლ-ჰაინც რუმენიგე, რომელიც აღნიშნულ თანამდებობაზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები