Thumbnail
  • გოლდენ სტეიტი 131:119 იუტა ჯაზი
  • სტეფ კარი შეუჩერებელი იყო - 32 ქულა და 9 პასი
  • რუდი გობერმა 28 მოხსნა და 24 ქულა გააკეთა

წუხელ იუბილარი სტეფ კარის (33 წლის გახდა) გოლდენ სტეიტი დასავლეთ კონფერენციის ლიდერ იუტას ჯაზს ხვდებოდა. იუტას მთელს NBA-ში საუკეთესო შედეგი აქვს და ამ სეზონში ჩემპიონობის კანდიდატად გამოიყურება. ამის მიუხედავად, კარი და მისი გუნდი ამ თამაშში შეუჩერებლები იყვნენ. გოლდენ სტეიტი თავიდანვე წინ გავიდა და იუტას ბევრი მცდელობის მიუხედავად, ლიდერობა მატჩის ბოლომდე აღარ დათმო - არადა, რამდენჯერმე იუტა კალიფორნიელებს დაეწია კიდეც.

გოლდენ სტეიტის გამარჯვება ძალიან კარგი შეტევის დამსახურებაა. კარის გუნდმა 31-დან 16 სამქულიანი ჩააგდო (ზუსტი სროლების 51 პროცენტი), მათ შორის ზედიზედ რამდენიმე სამიანი მეოთხე მეოთხედის ბოლოს ისროლეს, რამაც მატჩის ბედი საბოლოოდ გადაწყვიტა. იუტა პერიმეტრიდან 34 პროცენტით ისროდა და 44-დან 15 სროლა ჩააგდო.

გოლდენ სტეიტის გამარჯვებისთვის სროლის მაღალი პროცენტი საკმარისი აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ იუტამ შეტევაში 18-ჯერ მოხსნა ბურთი და 29 ჯარიმაც ისროლა. რუდი გობერს სამწამიანში გოლდენ სტეიტი ვერაფერს უხერხებდა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე სტეფ კარი იყო. მან 20-დან 10 სროლა გამოიყენა, მათ შორის 9-დან 6 სამქულიანი ჩააგდო და 32 ქულა დააგროვა. გარდა ამისა, მან 9 შედეგიანი გადაცემაც გააკეთა და +19-ით დაასრულა შეხვედრა. იუტა მას უბრალოდ ვერ აჩერებდა და კარის ფაქტორი მის თანაგუნდელებსაც უქმნიდა თავისუფალ სროლებს. ძალიან კარგი იყო ენდრიუ უიგინსი, რომელმაც დაცვაშიც კარგად ითამაშა, 16-დან 12 სროლა გამოიყენა და 28 ქულა დააგროვა.

იუტადან ფენომენალური მატჩი ჰქონდა რუდი გობერს, რომელმაც 28 (!) მოხსნა დააგროვა, საიდანაც 8 მეტოქის ფარზე შეასრულა. ფრანგმა ცენტრმა 24 ქულაც გააკეთა, თანაც ისე, რომ 10-დან 8 სროლა ჩააგდო და დამატებით 4-ჯერ დააფარა მეტოქეებს. ის საჯარიმო ხაზზე 13-ჯერ დადგა და წაგებულ თამაშში +11 ჰქონდა. როგორც ზემოთ უკვე გითხარით, გოლდენ სტეიტი გობერს ვერ აჩერებდა.

24 ქულა დააგროვა დონოვან მიტჩელმა, თუმცა ცუდად ისროდა (18-დან 7 ჩაგდებული სროლა) და თამაშის ბოლოს კატასტროფული - 26 ჰქონდა. 23 ქულა იყო მაიკ კონლის ანგარიშზე. გოლდენ სტეიტს კარგი შანსი აქვს, რომ პლეი ოფის ზონაში შევიდეს. მატჩის საუკეთესო მომენტებს ვიდეოში ნახავთ.

კომენტარები

ბოლო ამბები