Thumbnail

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის საწყისი სამი მატჩისთვის ცნობილია! ეს არის პირველი შემადგენლობა, რომელიც ეროვნული გუნდის ახალმა მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის განკარგულებაში იქნება.

როგორც მოსალოდნელი იყო, გამოძახებულია გიორგი მიქაუტაძე! რამდენიმე დღის წინ, სანიოლის ასისტენტმა ზურაბ ხიზანიშვილმა დაადასტურა, რომ მან საქართველოს მოქალაქეობა მიიღო - ახლა, საფრანგეთში დაბადებული 20 წლის ფორვარდის დებიუტს ველოდებით.

მიქაუტაძის გარდა, ნაკრებში პირველად არიან გამოძახებულები თბილისის ლოკომოტივის 20 წლის მეკარე გიორგი მამარდაშვილი, ბათუმის დინამოს 24 წლის მარჯვენა მცველი გრიგოლ ჩაბრაძე და ავსტრიული ვოლფსბერგის მარცხენა მცველი გურამ გიორბელიძე. სიაში არ არიან გიორგი ჩაკვეტაძე და ნიკა კაჭარავა, რომლებსაც ტრავმები აქვთ. გამოძახებული არ არის გიორგი მაკარიძეც. ხვალ, 17 მარტს სანიოლი პრესკონფერენციას გამართავს და შემადგენლობასთან დაკავშირებით განმარტებებს თვითონ გააკეთებს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი თბილისი), ლაზარე კუპატაძე (დინამო ბათუმი)

მცველები: გურამ კაშია (ლოკომოტივი თბილისი), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი ტულა, რუსეთი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, უნგრეთი), გურამ გიორბელიძე (ვოლფსბერგი, ავსტრია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო ბათუმი).

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ვალანსიენი, საფრანგეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოლონეთი), გიორგი აბურჯანია (კარტახენა, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, თურქეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო ბათუმი), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, რუსეთი), თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), ლევან შენგელია (კონიასპორი, თურქეთი)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია), ბუდუ ზივზივაძე (ფეჰერვარი, უნგრეთი), გიორგი ბერიძე (უიპეშტი, უნგრეთი).

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის საწყის სამ მატჩს 6-დღიან ინტერვალში გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი 25 მარტს, შვედეთის ნაკრებს სტუმრად შეხვდება, 28 მარტს, თბილისში ესპანეთს უმასპინძლებს, ხოლო 31 მარტს, სალონიკიში, საბერძნეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები