Thumbnail
  • ოლიმპიაკოსი 2:0 ანორთოსისი
  • თემურ ქეცბაიას გუნდს უკვე ზედიზედ სამი ტურია არ მოუგია

კვიპროსის ჩემპიონატის 29-ე ტურში თემურ ქეცბაიას ანორთოსისი ნიქოზიის ოლიმპიაკოსს ესტუმრა და 0:2 დამარცხდა. ქართველების გუნდი უკანასკნელ პერიოდში კრიზისშია და საჩემპიონო შანსს ტურიდან ტურამდე იმცირებს. ანორთოსისს უკვე ზედიზედ სამი ტურია არ მოუგია.

ქეცბაიამ გიორგი ლორია, გიორგი ქვილითაია, ბუბა დაუშვილი და თორნიკე ოქრიაშვილი ძირითად შემადგენლობაში ათამაშა და მხოლოდ დაუშვილი შეცვალა (56-ე წუთზე), დანარჩენები მოედანზე 90 წუთი იყვნენ. მატჩს შემდეგ თემურმა პრესკონფერენციაზე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ მისი გუნდი დანებებას არ აპირებს.

"თამაში კარგად ვერ დავიწყეთ და ვერც დავასრულეთ (ანორთოსისმა მე-9 და 90-ე წუთებზე გაუშვა გოლები - ავტ). შესაბამისად, კარგად არ გვითამაშია. საგოლე მომენტები გვქონდა, თუმცა, ისინი ვერ გამოვიყენეთ, რაც ჩვენგან განსხვავებით, ოლიმპიაკოსმა გააკეთა. როდესაც ხელსაყრელი პოზიციიდან გოლებს ვერ იტან, იმას მიიღებ, რაც მოხდა. სეზონის ბოლომდე ვიბრძოლებთ. რა გავაკეთოთ, დავნებდეთ?! დარჩენილ მატჩებს ვითამაშებთ და ვნახოთ, საბოლოოდ რა მოხდება. წინ სათასო მატჩებიც გვაქვს".

ანორთოსისს 29 ტურის შემდეგ 53 ქულა აქვს, მე-4 ადგილზეა და ლიდერ ნიქოზიის ომონიას 10 ქულით ჩამორჩება. მომდევნო ტურში, 21 მარტს, თემურ ქეცბაიას გუნდი ლიმასოლის აელს უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები