Thumbnail

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მადრიდში ურთულესი მატჩი გადაიტანა და რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-2 ტურში ესპანეთს 25:19 სძლია. თამაშის შემდეგ, რომელიც “ბორჯღალოსნების” შესრულებით საუკეთესო ნამდვილი არ ყოფილა, კომენტარი ქართველი მორაგბეთა მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა და კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ გააკეთეს.

ლევან მაისაშვილი: “თამაში ძალიან კარგად დავიწყეთ და პირველივე წუთებზე შევძელით ქულების აღება. სამწუხაროდ, მალევე მივიღეთ საპასუხო ლელო და შემიძლია პირდაპირ ვთქვა, რომ იმ ეპიზოდში არ გაგვიმართლა, ბურთი ხელიდან გაგვისხლტა და ამის გამო, ბიჭებს ვერ ვუსაყვედურებ. ესპანელები თავიდანვე თამაშში დარჩნენ და მუდმივად, როდესაც უპირატესობა ვიღებდით, უკან ჩვენივე შეცდომები გვეწეოდა. ისევ იგივე პრობლემა რჩება თამაშის მართვის მხრივ, თუმცა, მაინც წინ გადადგმული ნაბიჯია, რადგანაც ესპანეთი გაცილებით ძლიერი გუნდია, ვიდრე – პორტუგალია. რაც იყო დაგეგმილი გასვლით მატჩში მოგება, ეს, მოვახერხეთ. კარგი იქნებოდა ბონუსით გამარჯვება და შეგვეძლო კიდეც, ვინაიდან 1 ლელო დაგვაკლდა, თუმცა, ბოლოს მაინც რთული თამაში გამოვიდა. გვაკლია თანმიმდევრულობა, პირველ ტაიმში დისციპლინის კუთხით უფრო კარგი თამაში იყო, მე-2 ნახევარში კი ბევრი არასაჭირო ჯარიმა ავიღეთ. ამაზე ყველაფერზე ვმუშაობთ და ეს, პროცესია. გუნდში ბევრი ახალგაზრდაა და ემოციები ჭარბობს, თუმცა, ისინი სწორედ ასეთ მატჩებში იზრდებიან”.

მერაბ შარიქაძე: თვითკრიტიკულები უნდა ვიყოთ

მერაბ შარიქაძე: “ვფიქრობ, იმისთვის, რომ გუნდი განვითარდეს, თვითკრიტიკულები უნდა ვიყოთ. შეიძლება უკეთ გვეთამაშა და ამისთვის კარგი მომენტებიც გვქონდა, რომელთაგან ზოგი გამოვიყენეთ, ბევრი კი – ვერა. ამასთან, მე რაც ნაკრებში ვარ, არ მახსოვს, რომ ესპანეთთან ამ მოედანზე იოლად მოგვეგოს. ყოველთვის მაგრად იბრძვიან და ვთვლი, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრები ჰყავთ. დარწმუნებული ვარ, სხვა გუნდებსაც ესპანელებთან მოგება, მითუმეტეს, სტუმრად ძალიან გაუჭირდებათ. მთავარია, მოვიგეთ და ახლა, მორიგი მნიშვნელოვანი მატჩი გველის. აქედან უნდა წავიღოთ მთელი პოზიტივი და ნეგატიურზე ძალიან ბევრი ვიმუშაოთ, რომ იგივე შეცდომები არ დავუშვათ”.

შეგახსენებთ, რომ “ბორჯღალოსნებს” რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2 ტურის თავზე 9 ქულა აქვთ და ერთპიროვნული ლიდერები არიან. საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ტურნირზე კიდევ 3 მატჩს ჩაატარებს. ლევან მაისაშვილის შეგირდები 20 მარტს კალინინგრადში, რუსეთს გაეჯიბრებიან, 27 ან 28 მარტს კი რუმინეთს უმასპინძლებენ. ქართველი მორაგბეები ტურნირის დასკვნით თამაშს 26 ან 27 ივნისს ასევე შინ, ბელგიასა და ნიდერლანდებს შორის გამარჯვებულთან ჩაატარებენ.

📺 ესპანეთი V საქართველო [მიმოხილვა]

კომენტარები

ბოლო ამბები