Thumbnail
  • კრიშტიანო რონალდოს რეალში დაბრუნებაზე აქტიურად საუბრობენ
  • AS მადრიდული კლუბის სატრანსფერო გეგმებზე წერს

იუვენტუსის თავდამსხმელის კრიშტიანო რონალდოს მომავლის შესახებ ბოლო დღეებში სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება. მას შემდეგ, რაც იტალიური კლუბი ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა, პორტუგალიელის ტურინიდან წასვლის საკითხი აქტუალური გახდა. 36 წლის სუპერვარსკვლავს ყველაზე ხშირად მადრიდის რეალს უკავშირებენ. 3 დღის წინ El Chiringuito-მ გაავრცელა ცნობა, რომ კრიშტიანოს აგენტი ჟორჟე მენდეში "სამეფო კლუბის" წარმომადგენლებსაც დაუკავშირდა.

მადრიდელთა სატრანსფერო გეგმების შესახებ საინტერესო სტატიას აქვეყნებს გავლენიანი ესპანური გამოცემა AS-იც. როგორც მასშია აღნიშნული, რეალი მართლაც განიხილავს ზაფხულში რონალდოს დაბრუნების საკითხს. ჯერჯერობით, ეს მხოლოდ იდეის დონეზე არსებობს, მაგრამ გამორიცხული არაფერია. გამოცემა წერს, რონალდოს დამატება კილიან მბაპესა და ერლინგ ჰაალანდის შესაძლო ტრანსფერებზეც დადებით ეფექტს მოახდენს.

რონალდოს რეალის მაისურით 450 გოლი აქვს გატანილი

კლუბის გეგმაა, რომ მომდევნო ზაფხულს კრიშტიანო გადაიბიროს, ხოლო 2022 წლის ზაფხულში არჩევანს მბაპესა და ჰაალანდს შორის გააკეთებს. აღსანიშნავია, რომ 2022 წელს მბაპეს პსჟ-სთან კონტრაქტი ეწურება, ხოლო ნორვეგიელს 2022 წლიდან შეუძლია ნებისმიერი წინადადება განიხილოს და მისი დორტმუნდიდან დამატება გაცილებით იოლი იქნება.

გარდა ამისა, AS იტყობინება, რომ ზაფხულში მადრიდელთა სამიზნე ფრანგული რენის ნიჭიერი ნახევარმცველი ედუარდო კამავინგაც იქნება. ლუკა მოდრიჩი 36 წლის ხდება, ტონი კროოსი 30 წლისაა, ხოლო ისკო კლუბის დატოვებას აპირებს. შესაბამისად, მადრიდელებს შუა ხაზის გამაგრება სჭირდებათ და ნიჭიერი ფრანგი ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანო რონალდო რეალში 2009-2018 წლებში თამაშობდა და 439 მატჩში 450 გოლი გაიტანა. პორტუგალიელს იუვენტუსთან (121 მატჩი, 92 გოლი) კონტრაქტი 2022 წელს ეწურება და თუ ტურინელები პორტუგალიელს ზაფხულში არ გაასხვისებენ, მისი დაკარგვა უფასოდ მოუწევთ, რადგან კონტრაქტის განახლება კლუბის სპორტული დირექტორის ფაბიო პარატიჩის თქმით, დღის წესრიგში არ დგას.

კომენტარები

ბოლო ამბები