Thumbnail

ბასილაშვილი დუბაიში ითამაშებს - მას იქ ნაცნობი მეტოქე ელის

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველი ჩოგბურთელი საამიროებში დოჰას ტურნირის გამარჯვებულის რანგში მიდის
  • ნიკოლოზ ბასილაშვილი ტურნირში მე-2 წრიდან ჩაერთვება და ამერიკელ ფრიცს გაეჯიბრება

29 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა, რომელმაც ყატარში გამართული საერთაშორისო ტურნირი მოიგო, დოჰადან არაბეთის გაერთიანებული საამიროების ქალაქ დუბაიში გადაინაცვლა და მომავალ კვირაში ძალებს Dubai Duty Free Tennis Championships-ზე (საპრიზო ფონდი 2 048 855 დოლარი) სცდის.

წილისყრის შედეგად ცნობილი გახდა, რომ ბასილაშვილი ტურნირში პირდაპირ მე-2 წრიდან ჩაებმება და ამერიკელ ტეილორ ფრიცთან თამაში მოუწევს. შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზი ფრიტს დოჰაშიც ეთამაშა და 7:6 (7:3), 6:1 სძლია, 2017 წელს კი, მასთან ჩინურ ჩენგდუში 3:6, 6:3, 1:6 ჰქონდა წაგებული.

ნიკოლოზ ბასილაშვილი არაბულ ტურნირში მე-2 წრიდან ჩაებმება

თუკი ბასილაშვილმა ამერიკელს ამჯერადაც აჯობა, მოსალოდნელია, რომ მერვედფინალში თამაში მე-2 ნომრად განესილ რუს ანდრეი რუბლიოვთან მოუწევს, რომელმაც ყატარში ასევე იასპარეზა და ნახევარფინალში ესპანელ რობერტო ბაუტისთა აგუტთან, რომელსაც მოგვიანებით ბასილაშვილმა აჯობა, 3:6, 3:6 დამარცხდა. რუბლიოვის მეტოქე ფინელ ემილ რუუსუვუორისა და ავსტრალიელი ჯორდან ტომპსონის მატჩში უმჯობესი იქნება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პირველმა ჩოგანმა დუბაიში შარშანაც ითამაშა და საწყის შეხვედრაში ლიეტუველ რიკარდას ბერანკისს 5:7, 7:6 (7:2), 6:3 აჯობა, შემდეგ კი, გერმანელ იან ლენარდ შტრუფთან 1:6, 0:6 წააგო. ვთქვათ ისიც, რომ არაბული ტურნირის გამარჯვებულს 500 სარეიტინგო ქულა და 149 490 დოლარი ერგება.

კომენტარები

ბოლო ამბები