Thumbnail
  • ესპანეთი 19:25 საქართველო
  • ქართველ მორაგბეებს უამრავი წუნი ჰქონდათ და ვერც ბონუს-ქულა აიღეს

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში მე-2 გამარჯვება იზეიმა, თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ გადახალისებული შემადგენლობით გამოსულ ესპანეთთან შეხვედრაში წაგებას ძლივს გადაურჩა. "ბორჯღალოსნებმა" მეტოქეს ლელოებში 3:1 კი აჯობეს (ბონუსამდე 1 ლელო დაგვაკლდა), თუმცა, აურაცხელი წუნი ჰქონდათ და მასპინძლებს სენსაციის მოხდენა ბოლო წამებამდე შეეძლოთ.

საქართველოს ნაკრებმა თამაში აქტიურად დაიწყო და პირველივე ხანგრძლივი იერიში ლელოთი დაასრულა. ესპანელები 2-ჯერ დაჯარიმდნენ, თუმცა, გელა აფრასიძემ ხაზის გაჭრა მაინც მოახერხა, ლელოში გადაკიდებულ ბურთს კი თორნიკე ჯალაღონია შეჰყვა და ბურთი დაამიწა. გარდასახვა თედო აბჟანდაძემ ზუსტად შეასრულა, თუმცა, მასპინძლებმა ანგარიში შემდეგივე იერიშში გაათანაბრეს. ცენტრიდან გადაკიდებული ბურთი მერაბ შარიქაძემ ვერ შეიმაგრა, ესპანეთმა ის ხაზს უკან შეაცურა, იქ ელემენტარულ სიტუაციაში ოვალი უკვე გიორგი კვესელაძემ ვერ დაიჭირა და ბრედლი ლინქლეითერი ლელოში შევარდა. ბაუტისტა გუემეშის დარტყმა ზუსტი იყო და ანგარიში 7:7 გახდა.

თამაში ორმხრივი შეცდომებით გაგრძელდა და “ბორჯღალოსნებს” ერთი კარგი კონტრშეტევაც გამოუვიდათ, თუმცა, ანგარიში მხოლოდ მე-15 წუთზე შეიცვალა, როდესაც აბჟანდაძემ ახლო მანძილიდან ჯარიმა გაიტანა – 7:10. სამწუხაროდ, ქართველი მორაგბეების თამაშში შეცდომები ისევ მრავლად იყო და მიუხედავად იმისა, რომ მეტოქის ხუთმეტრიან ზოლშიც კი საკმაოდ დიდი დრო გავატარეთ, ქულები ვერ ავიღეთ. მოწინააღმდეგე განსაკუთრებით კარგად მოლში მოქმედებდა და პორტუგალიელთაგან განსხვავებით, ამ კომპონენტში საქართველოს მაგრად დაუდგა.

თედო აბჟანდაძემ თითქმის უშეცდომოდ ურტყა
📷 | საქართველოს რაგბის კავშირი

მასპინძლებს ბურთი ნაკლებად ჰქონდათ, თუმცა, გაცილებით მწვავედ უტევდნენ, ჩვენ კი, სხვა წუნზე რომ არაფერი ვთქვათ, მხოლოდ პირველ ნახევარში დერეფანი 3-ჯერ დავკარგეთ, რასაც ტაიმის მიწურულს “ლომების” მგეზავის მიერ შესრულებული კიდევ ერთი ჯარიმა მოჰყვა, რომელიც ძელს მოხვდა და მართალია, ბურთი ისევ მასპინძლებს დარჩათ, ხეირი მაინც ვერ ნახეს. სამაგიეროდ, ტაიმის ბოლო წუთზე სანდრო თოდუამ გადაკიდებულ ბურთზე კიდევ ერთი საჰაერო დუელი წააგო (ამ კომპონენტში საგრძნობლად დავიჩაგრეთ), საქართველოს ნაკრები კიდევ ერთხელ დაჯარიმდა და გუემეშმა ანგარიში გაათანაბრა – 10:10. საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ნაკრებს ასეთი უსახური ტაიმი დიდი ხანია არ ჰქონია.

შეცდომების კასკადი შესვენების შემდეგაც გაგრძელდა (მათ შორის, მორიგი დაკარგული აუტი მეტოქის 22-ში), ესპანეთმა კი კარგად შემოგვიტია, გუემეშის მორიგი ჯარიმის შემდეგ კი, მასპინძლები თამაშში პირველად დაწინაურდნენ – 13:10. საბედნიეროდ, საქართველომ ჩამორჩენა მალევე გაქვითა. ყველაფერი ნაკრების კაპიტნის მერაბ შარიქაძის ჩინებულ გარღვევას მოჰყვა, რომელმაც ბურთი აკაკი ტაბუცაძეს გაატანა და მას ლელოს დადება აღარ გასჭირვებია. აბჟანდაძის გარდასახვა ძელს მოხვდა და ანგარიში 13:15 დარჩა.

ნაკრების ახალბედა დავით ნინიაშვილი საკმაოდ აქტიური იყო
📷 | საქართველოს რაგბის კავშირი

ამან, საქართველოს ნაკრებს თითქოს თავდაჯერება შემატა და რამდენიმე მრავალფაზიანი შეტევაც ვიხილეთ, თუმცა, ბოლო პასის გაკეთება ვერცერთხელ მოხერხდა. სამაგიეროდ, ზუსტად კარის წინ ჯარიმა მივიღეთ და აბჟანდაძეს მორიგი 3 ქულის აღება არ გასჭირვებია – 13:18. საპასუხოდ, ესპანეთმა საკმაოდ კარგი იერიში წამოიწყო, ხაზის გაჭრაც მოახერხა და საქართველომ თავის დაცვა მხოლოდ ჯარიმის ხარჯზე შეძლო. გუემეშის გასვლის შემდეგ კარში დარტყმა ლინქლეითერმა გადაიბარა და ანგარიშში ჩამორჩენის შემცირება მოახერხა – 16:18.

ცენტრიდან გადაკიდებული ბურთი ესპანელმა მორაგბემ ვერ შეიმაგრა, ჯარიმა აუტში იქნა გადატანილი და ამჯერად, ქართველების მძლავრმა იარაღმა მაგრად იმუშავა. ბოლო წამს მოლს შეცვლაზე შესული კვაჭი ჯაბა ბრეგვაძე მოსწყდა და “ბორჯღალოსნების” მე-3 ლელო დადო. ამას აბჟანდაძის გარდასახვა მოჰყვა და გუნდი 16:25 დააწინაურა. სამწუხაროდ, საპასუხო იერიშში თავის დაცვა ისევ ვერ შევძელით, თამაშში თადარიგიდან ჩართულ მიხეილ ალანიას დაუფარეს, აბჟანდაძეს კი ბურთი ჩაეხურა და ლინქლეითერმა იოლი ჯარიმა შეაგდო – 19:25.

შეტევაზეა აკაკი ტაბუცაძე
📷 | საქართველოს რაგბის კავშირი

ამგვარად, ესპანეთის ნაკრები ისევ 1 ლელოს ჩამორჩენის ზონაში შევიდა და ბოლო წუთებზე მძლავრადაც შემოგვიტია. მეტოქე ჩვენს ხუთმეტრიანშიც შემოვიდა, თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ გადავრჩით. ერთ ეპიზოდში ალვარ ხიმენომ სრულიად არასაჭირო ჯარიმა აიღო, შემდეგ კი "ლომებმა" თავისი დერეფანი დაკარგეს. საბოლოოდ, მსაჯის საფინალო სასტვენიც გაისმა და საქართველოს ნაკრებმა ძალიან ცუდი თამაშის ფონზე მოგება მაინც მოახერხა. საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთთან 22-ე მატჩი ჩაატარა და მე-18 გამარჯვება იზეიმა, ერთი შეხვედრა ფრედ დასრულდა, სამჯერ კი გამარჯვება მეტოქემ იზეიმა. მთლიანობაში, 21 მატჩში ბორჯღალოსნებს გატანილი აქვთ 90 ლელო და 662 ქულა, ხოლო ესპანეთს – 34 ლელო და 319 ქულა.

ამგვარად, “ბორჯღალოსნებმა” რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2 ტურის თავზე 9 ქულა მოაგროვეს და ერთპიროვნული ლიდერები არიან. საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ტურნირზე კიდევ 3 მატჩს ჩაატარებს. ლევან მაისაშვილის შეგირდები 20 მარტს კალინინგრადში, რუსეთს გაეჯიბრებიან, 27 ან 28 მარტს კი რუმინეთს უმასპინძლებენ. ქართველი მორაგბეები ტურნირის დასკვნით თამაშს 26 ან 27 ივნისს ასევე შინ, ბელგიასა და ნიდერლანდებს შორის გამარჯვებულთან ჩაატარებენ.

ესპანეთი 19:25 საქართველო 

საქართველო: ნინიაშვილი, ტაბუცაძე, კვესელაძე, შარიქაძე, თაფლაძე (თოდუა, 16), აბჟანდაძე, აფრასიძე (ალანია, 66-78), გიგაშვილი (გოგიჩაშვილი, 53), მამუკაშვილი (ბრეგვაძე, 41), ხარაიშვილი (მელიქიძე, 53), ჯაიანი, გიგაური, გაჩეჩილაძე, ცხადაძე (თხილაიშვილი, 59), ჯალაღონია.
3 ლ: ჯალაღონია, ტაბუცაძე, ბრეგვაძე; 2 გ, 2 ჯ: აბჟანდაძე.

ესპანეთი: მალიე. ლინქლეითერი, ალონსო, ხიმენო, ჟორბა (კასტელიონი, 51), გუემეში (ვინუესა, 54), მუნიჯა (აურეკოეჩეა, 68), ლოპესი (ფიუტო, 41), პინტო (დელ ოჯო, 41) სავალა (ავოიტისი, 43), სანჩესი (ბონანი, 19-29) მორა (ბონანი, 62), ნგავინდი, ბარტერი (ფერერი, 59), ქვერსი.
ლ: ლინქლეითერი; გ: გუემეში; 4 ჯ: გუემეში 2, ლინქლეითერი 2.

რეფერი: ბრუსე (საფრანგეთი).

ანგარიშის მიმდინარეობა: 7:0 (3), 7:7 (5), 10:7 (15), 10:10 (40) / 10:13 (48), 15:13 (49), 18:13 (62), 18:16 (66), 25:16 (68), 25:19 (70).

კომენტარები

ბოლო ამბები