Thumbnail

ეროვნული ლიგის მე-4 ტურის შეხვედრაში დინამო ბათუმმა სამტრედია 2:0 დაამარცხა. აჭარული კლუბი ამ გამარჯვებით დროებით ერთპიროვნულად გალიდერდა (გორის დილა 13 მარტს სამგურალს ეთამაშება და გამარჯვების შემთხვევაში, დინამოს გაუთანაბრდება).

სამტრედიასთან შეხვედრა დინამო ბათუმის მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ და ბათუმური კლუბის ფეხბურთელებმა: ჯაბა ჯიღაურმა და გიორგი ფანცულაიამ შეაფასეს.

ბუნებრივია, რომ გეგუჩაძე შედეგით კმაყოფილია. მისი გუნდი პირველ 4 ტურში დაუმარცხებელია, თანაც ისე, რომ ამ 4 მატჩიდან სამში გამარჯვების მოპოვება მოახერხა.

გია გეგუჩაძე (დინამო ბათუმის მთავარი მწვრთნელი)

"შედეგით კმაყოფილი ვარ. მატჩის განმავლობაში გარკვეული უპირატესობა გვქონდა და მეტოქეს მომენტის შექმნის შესაძლებლობა მხოლოდ შეხვედრის ბოლოსკენ მივეცით, როდესაც სამტრედია ცდილობდა სხვაობა შეემცირებინა და ეს ბუნებრივიცაა. მატჩის მიწურულს მომენტები ჩვენც გვქონდა და კარგი იქნებოდა გამოგვეყენებინა, რათა თამაში კიდევ უფრო დაგვემშვიდებინა. მთლიანობაში, 3 ქულა ავიღეთ და რამდენიმე ფეხბურთელსაც მივეცით თამაშის საშუალება. გუნდში კონკურენცია და კარგი მდგომარეობაა".

გიორგი ფანცულაია (დინამო ბათუმის ფეხბურთელი)

"დაძაბული თამაში გამოვიდა, მაგრამ მაინც გავიმარჯვეთ. რაც შეეხება გოლს, ბედნიერი ვარ, რომ გატანა მოვახერხე და იმედი მაქვს, შემდეგ შეხვედრებშიც ასე გავაგრძელებ".

ჯაბა ჯიღაური (დინამო ბათუმის ფეხბურთელი)

"ორ კვირაში ოთხი მატჩი ჩავატარეთ და ამას დიდი ენერგია მიაქვს. განსაკუთრებით დიდი ენერგია წაიღო დინამო თბილისის წინააღმდეგ გამართულმა ბოლო შეხვედრამ. მიმაჩნია, რომ ამ ყველაფრიდან გამომდინარე, დღევანდელ მატჩში ბიჭებმა ყველაფერი ჩადეს, იბრძოლეს და დამსახურებული გამარჯვებაც მოვიპოვეთ. რაც შეეხება უშუალოდ მე-2 გოლს, ბრწყინვალე კომბინაცია გავითამაშეთ. რაც ვარჯიშებზე ვიმუშავეთ, გამოვიდა. იმედი მაქვს, რომ მომდევნო თამაშებშიც გაგრძელდება ასეთი კომბინაციური თამაში, რათა გულშემატკივარმა ისიამოვნოს და იხილოს მეტი გოლი".

დინამო ბათუმი მე-5 ტურში საბურთალოს დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისში 20 მარტს, 20:00 საათზე დაიწყება. 

კომენტარები

ბოლო ამბები