Thumbnail

ნიქაბაძის და ფანცულაიას გოლებით - დინამო ბათუმმა სამტრედიას მოუგო

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი

ეროვნული ლიგის მე-4 ტურის შეხვედრა დინამო ბათუმსა და სამტრედიას შორის გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართა. აჭარულმა კლუბმა, რომელიც დროებით საშინაო შეხვედრებს ბათუმის ნაცვლად გორში ატარებს, გიორგი ნიქაბაძისა და გიორგი ფანცულაიას გოლებით იოლი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში. 

მატჩის საწყის წუთებში ორივე გუნდის მოთამაშეები ხშირად ჯარიმდებოდნენ. დინამო ბათუმს მე-10 წუთზე ანგარიშის გახსნის შანსი საჯარიმო დარტყმიდან ჰქონდა, თუმცა გიული მანჯგალაძის მიერ შესრულებული სტანდარტი სამტრედიელთა მეკარემ გოგი კულუამ მარტივად მოიგერია.

მალევე აჭარულ კლუბს მეტოქის კართან კიდევ ერთი მომენტი შეექმნა. იმერელთა საჯარიმოში გიორგი ნიქაბაძე აქტიურობდა, ბათუმელთა "ცხრიანი" ესტებან მასკარენიამ თამაშის წესების დარღვევით შეაჩერა და შეხვედრის მთავარმა არბიტრმა სამტრედიელთა კარში თერთმეტმეტრიანი დანიშნა. პენალტის შესასრულებლად თავად ნიქაბაძე მივიდა და შეხვედრის და სეზონში თავისი პირადი ანგარიშიც გახსნა.

გია ცეცაძის გუნდი ბათუმელთა ნახევარზე ხშირად გადადიოდა და მეტოქის კართან მომენტების შექმნასაც ცდილობდა, თუმცა რეალური მომენტი სამტრედიელებმა მხოლოდ ტაიმის მიწურულს შექმნეს. თამაზ ცეცხლაძემ დინამოს კარში საჯარიმოს გარედან სახიფათოდ დაარტყა, თუმცა ბურთი ლაზარე კუპატაძის კარს ასცდა.

ბათუმელებმა საქმე პირველ 45 წუთში მოითავეს

თითქოს, პირველ ნახევარში მეტი აღარეფერი უნდა მომხდარიყო, თუმცა ზედ შესვენების წინ აჭარული გუნდის მოთამაშეებმა ბურთი კარგად გაითამაშეს, ჯიღაურმა გიორგი ფანცულაიას ლამაზი გადაცემა გაუკეთა, ამ უკანასკნელმა კი სხვაობა ორამდე გაზრდა. 

მეორე ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა. დინამო ანგარიშის შენარჩუნებას ცდილობდა და ძირითადად მეტოქეს კონტრშეტევებით აწუხებდა. 85-ე წუთზე მესამე გოლის გატანა შეეძლო ჯიღაურს, თუმცა ჯაბას დარტყმული ძელს მოხვდა. 

სამტრედიელები თამაშში დაბრუნებას ცდილობდნენ, თუმცა კუპატაძის კართან მომენტების შექმნა უჭირდათ. გეგუჩაძის გუნდმა უპირატესობა მატჩის ბოლომდე შეინარჩუნა.

დინამო ბათუმმა მე-4 ტურში მესამედ მოიგო (ერთხელ ფრედ ითამაშა) და სატურნირო ცხრილში 10 ქულით, სანამ გორის დილა თავის შეხვედრას 14 მარტს, სამგურალის წინააღმდეგ ჩაატარებს, ერთპიროვნულად გალიდერდა.

გეგუჩაძის გუნდი შემდეგ შეხვედრას თბილისში, 20 მარტს, 20:00 საათზე, საბურთალოს წინააღმდეგ გამართავს. რაც შეეხება სამტრედიას. ცეცაძის გუნდი 4 ტურის შემდეგ ნული ქულით ცხრილის ბოლო ადგილზეა. იმერული კლუბი 21 მარტს, შემდეგ ტურში შინ ლოკომოტივს დაუპირისპირდება.    

დინამო ბათუმი 2:0 სამტრედია 

გოლები: 1:0 ნიქაბაძე (პენ, 11’), 2:0 ფანცულაია (45').

დინამო ბათუმი (4-2-3-1): კუპატაძე - ჩაბრაძე, მარგველაშვილი, აზაცკი, აზაროვი - ალთუნაშვილი(81. ზარია), ტეიდი(61. მამუჩაშვილი) - მანჯგალაძე, ჯიღაური, ფანცულაია(59. გროცურეკი) - ნიქაბაძე(59. შინდაგორიძე).

სამტრედია (3-4-1-2): კულუა - გიორგაძე, სამბუ, მასკარენია - იოსელიანი, რობაქიძე(61. ლუკავა), გადირბადე(68. ლალიჩი), ცეცხლაძე - მესიაჩენკო - ვარიეტი(46. ილურიძე), ჟუნიორი(61. რუხაძე).

კომენტარები

ბოლო ამბები