Thumbnail
  • 20 წლის ნორვეგიელი ლამის ყველა ევროპული გრანდის სატრანსფერო სამიზნეა
  • ბარსელონა დორტმუნდის ფორვარდის ხელში ჩაგდებისთვის ყველაფერზე მიდის
  • ბრიტანელები კი ირწმუნებიან, რომ ბრძოლაში ფავორიტი მანჩესტერ სიტია 

დორტმუნდის ბორუსიას 20 წლის ნორვეგიელი ფორვარდი ერლინგ ჰაალანდი, როგორც ჩანს, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ევროპული გრანდების მთავარი სატრანსფერო სამიზნე იქნება. 

ესპანური მედიის ინფორმაციით, ჰაალანდის შესაძენად უკან არაფერზე დაიხევს ბარსელონა, რომელსაც ტრანსფერი დაახლოებით 100 მილიონი ევრო დაუჯდება. კატალონიურ კლუბს, რომელსაც ვალები აქვს, ამ მიზნის მისაღწევად ერთბაშად რამდენიმე ფეხბურთელის გაყიდვა მოუწევს და როგორც ჩანს, მზადაა, არა მხოლოდ ფილიპე კოუტინიოს, სამუელ უმტიტის, მარტი ბრაიტვაიტს, ჟუნიორ ფირპოს, არამედ ანტუან გრიზმანსა და უსმან დემბელესაც შეელიოს.

20 წლის ნორვეგიელმა ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მალე შეძლო ჩემპიონთა ლიგაზე 20 გოლის გატანა

ერთი სიტყვით, ბარსელონას ახალი ხელმძღვანელობა, ჟოან ლაპორტას მეთაურობით, ყველაფერზე წავა, რათა პერსპექტიული ნორვეგიელი ხელში ჩაიგდოს.

ჰაალანდის ტრანსფერით სერიოზულად ინტერესდება ბარსელონას მთავარი კონკურენტი მადრიდის რეალიც. ნორვეგიელის მომავალს ასევე უკავშირებენ მანჩესტერ იუნაიტედს, ჩელსის, იუვენტუსს და პარი სენ-ჟერმენსაც, ბრიტანული მედიის ცნობით კი, ამ ბრძოლაში ფავორიტი სულაც მანჩესტერ სიტია. 

გრიზმანმა და დემბელემ შესაძლოა ადგილი ნორვეგიელს დაუთმონ 

ერლინგ ჰაალანდი დორტმუნდის ბორუსიაში ავსტრიული ზალცბურგიდანნ, 2020 წლის დასაწყისში გადავიდა და გერმანულ კლუბთან ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში ნორვეგიელმა ყველა საკლუბო ტურნირის 29 მატჩში ითამაშა, 31 გოლითა და 8 საგოლე პასით გამოირჩა. 

კომენტარები

ბოლო ამბები