Thumbnail
  • ვაშინგტონ უიზარდსი 101:127 ფილადელფია სიქსერსი
  • აღმოსავლეთის ლიდერმა სტუმრად უიზარდსს შანსი არ მისცა
  • ფილადელფიას ცენტრმა ჩატენვის შემდეგ მუხლი დაიზიანა

NBA-ს რეგულარულ ჩემპიონატში მორიგი დღის მატჩები გაიმართა. ფილადელფია სიქსერსმა გასვლაზე ვაშინგტონ უიზარდს უბრალოდ შანსი არ მისცა და ზედიზედ მეოთხე გამარჯვება იზეიმა, თუმცა აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერს ეს გამარჯვება თავისი ლიდერის დაკარგვად დაუჯდა.

ტრავმის მიუხედავად, ჯოელი თავის გუნდში საუკეთესო იყო

სიქსერსის ცენტრმა ჯოელ ემბიიდმა მატჩის მესამე მეოთხედის მიმდინარეობისას მარცხენა მუხლი დაიზიანა. კალათბურთელმა ძლიერი ტკივილისგან მუხლზე ხელი მას შემდეგ მოიკიდა, რაც ჩატენვის შემდეგ მარცხენა ფეხზე ცუდად დაეშვა. ემბიიდმა, რომელმაც გარკვეული დრო პარკეტზე დაწოლილმა გაატარა, საბოლოოდ საკაცეზე უარი თქვა და მოედანი კოჭლობით, მაგრამ დამოუკიდებლად დატოვა. 

ახლა ჯოელ ემბიიდს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის გაკეთება დასჭირდება, რაც ტრავმის ხარისხს გამოაშკარავებს. 

არადა, ვაშინგტონთან მოგებულ მატჩში, ფილადელფიაში საუკეთესო სწორედ ემბიიდი იყო, რომელმაც 23 ქულა ჩააგდო და 7 მოხსნაც მიითვალა. გამარჯვებულებს 18-18 ქულით შეიკ მილტონი და ფურკან კორმაზი დაეხმარნენ. უიზარდში ყველაზე შედეგიანები რასელ ვესტბრუკი (25 ქულა), ბრედლი ბილი (19 ქულა) და რობინ ლოპესი (10 ქულა) იყვნენ. 

📺 უიზარდსი V სიქსერსი

ფილადელფია სიქსერსს 26 მოგება და 12 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციას ლიდერობს, მომდევნო მატჩს კი 15 მარტს, შინ სან ანტონიოსთან გამართავს. ვაშინგტონ უიზარდსი 14 მოგებითა და 22 მარცხით, აღმოსავლეთში მე-12 ადგილზეა და 14 მარტს მილუოკი ბაქსს მიიღებს.

კომენტარები

ბოლო ამბები