Thumbnail
  • ნიკოლოზ ბასილაშვილი 7:6 (7:3), 6:1 ტეილორ ფრიტცი
  • ფინალში ქართველის მეტოქე ესპანელი ბაუტისტა აგუტი იქნება

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ყატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 1 153 560) ფინალში იასპარეზებს. ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნახევარფინალში ჩინებული თამაში აჩვენა და ამერიკელი ტეილორ ფრიტცი დაამარცხა.

ბასილაშვილმა პირველივე თავისი გეიმი წააგო, თუმცა, მობილიზაცია მალევე მოახდინა და საპასუხო ბრეიკი უმალ განახორციელა. ქართველმა ჩოგბურთელმა ამერიკელს ის გეიმი აართვა, რომელიც თითქმის 10 წუთს გაგრძელდა – 1:2. ამის შემდეგ თანაბარი თამაში გაგრძელდა და მეტოქეები ტაი-ბრეიკამდე ისე მივიდნენ, მოწოდება აღარ დაუკარგავთ, იქ კი, ნიკოლოზი უშეცდომოდ გაისარჯა და სეტი 53 წუთის თავზე მოიგო – 7:6 (7:3). ეს იმ ფონზე, როდესაც ბასილაშვილს პირველ მოწოდებაზე მხოლოდ 49%-იანი მაჩვენებელი ჰქონდა.

ქართველმა ჩოგბურთელმა დამაჯერებლად იმარჯვა

მე-2 სეტში ასეთი ბრძოლა აღარ ყოფილა. საქართველოს პირველმა ჩოგანმა უპირატესობა თავიდანვე ხელთ იგდო, 3:0 დაწინაურდა, მოგვიანებით კი კიდევ ერთი ბრეიკი განახორციელა და საქმის ბოლომდე მიყვანა არ გასჭირვებია. საათისა და 16 წუთის თავზე, ნიკოლოზმა ტეილორს 7:6 (7:3), 6:1 სძლია.

ნიკოლოზმა 5 ეისი მოაწოდა და 1 ორმაგი შეცდომა ჰქონდა (მეტოქეს, შესაბამისად, 9 და 1), პირველ მოწოდებაზე გათამაშებების 79% (24-დან 19) მოიგო, მეორეზე კი – 68% (34-დან 123). ბასილაშვილმა 7-დან 3 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, თავად კი მოწოდება ერთადერთხელ დათმო. ვთქვათ ისიც, რომ ქართველმა ჩოგბურთელმა ამერიკელ ჩოგბურთელთან ურთიერთშეხვედრებში ანგარიშის გათანაბრება მოახერხა – 1:1.

ფინალში ბასილაშვილის მეტოქე ესპანელი რობერტო ბაუტისტა აგუტი იქნება, რომელმაც დღეს მე-2 მცირე სენსაცია მოახდინა და ავსტრიელი დომინიკ ტიმის დამარცხების შემდეგ, ნახევარფინალში გზიდან რუსი ანდრეი რუბლიოვიც ჩამოიცილა – 6:3, 6:3. ცნობისთვის, ურთიერთშეხვედრებში, ესპანელი ქართველ ჩოგბურთელს 3:1-ს უგებს. შეგახსენებთ, რომ დოჰას ტურნირის გამარჯვებული 250 სარეიტონგო ქულასა და 103  070 დოლარს მიიღებს.

კომენტარები

ბოლო ამბები