Thumbnail

'ნებისმიერთან ვიჩხუბებ!' - რომან დოლიძეს UFC-ში მესამე ბრძოლა დაუნიშნეს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • რომან დოლიძე ლას ვეგასში ამერიკელ ტრევინ ჯაილსს დაუპირისპირდება
  • 32 წლის ქართველმა მებრძოლმა UFC-ში დივიზიონის შეცვლა გადაწყვიტა  

რომან დოლიძე UFC-ში მორიგ, მესამე ბრძოლას 21 მარტს ჩაატარებს. ქართველი მებრძოლი საშუალო წონაში გამოვა, სადაც დრიკუს დიუ პლესის ჩაანაცვლებს და ტრევინ ჯაილსს დაუპირისპირდება. 32 წლის ქართველი და 28 წლის ამერიკელი სპორტსმენების შეხვედრა ლას ვეგასში (აშშ), ტურნირზე UFC Vegas 22 გაიმართება.

საგულისხმოა, რომ WWFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა რომან დოლიძემ, რომელიც აქამდე ნახევრადმძიმე წონაში გამოდიოდა, ამჯერად დივიზიონს შეიცვლის და საშუალო წონაში იასპარეზებს. 

ქართველ მებრძოლს MMA-ში ჩატარებული 8 ბრძოლიდან ყველა მოგებული აქვს, აქედან 2 კი - UFC-ში. ტრევინ ჯაილსს (13-2) UFC-ში გამართული 6 ბრძოლიდან 2 წაგება აქვს.

ამერიკელმა UFC-ში ბოლო ორი ბრძოლა მოიგო - ორივე შარშან

რომან დოლიძემ მომავალ მეტოქესა და დივიზიონის შეცვლაზე ისაუბრა:

"სიმართლე გითხრათ, მისი ბრძოლებისთვის განსაკუთრებულად არ მიყურებია. როგორც კი მენეჯერმა წინადადება გაახმოვანა, მაშინვე ვუთხარი, რომ ნებისმიერთან ვიჩხუბებდი.

ნახევრადსაშუალო წონითი კატეგორიისთვის არასდროს ვიყავი ძალიან მძიმე. UFC-ში ჩატარებული ორი შეხვედრის შემდეგ, წონის შეცვლა გადავწყვიტე, რათა ოპონენტებზე ფიზიკურად ძლიერი ვიყო და უფრო მეტად პროფესიონალურად შევხვდე შეხვედრებს.
 
აშშ-ში უკვე რამდენიმე თვეა ვვარჯიშობ. ველოდებოდი ბრძოლის თარიღს. ამ დროისთვის ბრძოლაზე ორი კონტრაქტი მაქვს", - ამბობს ქართველი მებრძოლი, რომელმაც MMA-ში კარიერა უკრაინაში გაიკეთა, UFC-ში კი, სადაც დებიუტი შარშან ჰქონდა, ჯერ რუს ხადის იბრაგიმოვს, შემდეგ კი ბრაზილიელ ჯონ ალანს მოუგო.

📺 რომან დოლიძე V ჯონ ალანი

კომენტარები

ბოლო ამბები