Thumbnail

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა 14 მარტს მადრიდში ესპანეთთან გასამართი მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. გასულ შაბათს პორტუგალიაში მოგების (29:16) შემდეგ, სასტარტო შემადგენლობაში ერთბაშად 10 ცვლილებაა. მათგან ერთი ტრავმითაა გამოწვეული – ბექა საღინაძე დაშავდა და ისვენებს, სხვა შემთხვევებში კი, მწვრთნელებმა როტაციის პრინციპით ისარგებლეს.

”გაფართოებულ რაზმში 32 მორაგბე გვყავს და ვცდილობთ, შემადგენლობა ისე დავაბალანსოთ, რომ ყველას მივცეთ სათამაშო დრო. არაერთხელ აღვნიშნე, რომ ჩვენი მიზანია მოთამაშეების გამოცდა, სხვადასხვა რგოლების გადანაცვლება და თანაც ისე, რომ ბალანსი არ დაირღვეს“ – ამბობს “ბორჯღალოსნების” მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი.

ესპანეთთან პირველ ხაზში თამაშს ის მორაგბეები იწყებენ, რომლებიც პორტუგალიასთან თადარიგში იყვნენ – ბექა გიგაშვილი, შალვა მამუკაშვილი და გია ხარაიშვილი, ხოლო ჯაბა ბრეგვაძემ, გურამ გოგიჩაშვილმა და გიორგი მელიქიძემ მარქაფაში გადაინაცვლეს. მეორე ხაზში ადგილი შეინარჩუნა ლაშა ჯაიანმა და ამჯერად, მას დავით გიგაური შეუწყვილდება, რომელიც ძირითადში დაწინაურდა, ხოლო ნოდარ ჭეიშვილი მარქაფაში იქნება. მესამე ხაზში თამაშს კვლავ თორნიკე ჯალაღონია იწყებს, რომელმაც მიკრო-ტრავმების მოშუშება მოასწრო. ფლანკერები მიხეილ გაჩეჩილაძე და ირაკლი ცხადაძე არიან – გაჩეჩილაძემ პირველი თამაში გამოტოვა, ხოლო ცხადაძე პორტუგალიასთან შეცვლაზე შევიდა და პირველი სანაკრებო კეპი მოიხვეჭა.

ლევან მაისაშვილმა შემადგენლობაში არაერთი ცვლილება განახორციელა
📷 | საქართველოს რაგბის კავშირი

“ჯალაღონია დავასვენეთ, გუშინ გუნდთან ერთად ივარჯიშა, ყველაფერი კარგადაა და თამაშს იწყებს. პირველ ხაზში ის მორაგბეები გამოჩნდებიან, რომლებმაც პორტუგალიასთან შეცვლაზე ითამაშეს და თავი კარგად წარმოაჩინეს. ჩვენ თანაბარი ძალის, დაბალანსებული პირველი ხაზი გვყავს და როტაცია მუდმივად გვექნება, რაც ერთგვარი კოზირია. მარქაფიდან თამაშში ჩართვა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრა და ეს გუნდში ყველას კარგად ესმის“ – განაცხადა მაისაშვილმა.

წინა მატჩის შემდეგ, სასტარტო შემადგენლობაში ადგილი შეინარჩუნეს ცენტრებმა – მერაბ შარიქაძემ და გიორგი კვესელაძემ, ასევე 9 ნომერმა გელა აფრასიძემ, რომელსაც ამჯერად ლაშა ხმალაძის ნაცვლად თედო აბჟანდაძე შეუწყვილდება. ფრთებზე როტაციის პრინციპით აკაკი ტაბუცაძე და დემე თაფლაძე იწყებენ, ხოლო ფულბეკის პოზიციაზე სოსო მათიაშვილს დავით ნინიაშვილი ჩაანაცვლებს. 9 ნომრის მარქაფაში კვლავ მიხეილ ალანიას ვიხილავთ. ასევე თადარიგში არიან გამოცდილი სანდრო თოდუა და გიორგი ბაბუნაშვილი, რომელსაც პორტუგალიასთან სანაკრებო დებიუტმა არ მოუწია. 

მაისაშვილის თქმით, ეს ცვლილებები ასევე როტაციის პრინციპითაა გამოწვეული და აუცილებლად ეცდება ბაბუნაშვილს სათამაშო დრო მისცეს: “რამდენიმე ცვლილება გვაქვს ხაზში, ასევე განსხვავებულია ნახევარდაცვა. კვლავ მარქაფაშია ბაბუნაშვილი. სამწუხაროდ, პორტუგალიასთან თამაში ისე წავიდა, რომ მისი შეყვანა ვერ მოვახერხეთ და ახლა ვეცდებით, სათამაშო დრო მივცეთ. ის ძალიან კარგად ვარჯიშობს, საინტერესო მოთამაშეა და დარწმუნებული ვარ, თავს გამოიჩენს“.

რაგბი ევროპა | სასტარტო 15-ეულში ათი ცვლილებით, ლევან მაისაშვილმა #ბორჯღალოსნების სამატჩო რაზმი დაასახელა🏉 ➡️ გაიგე...

Posted by Georgian Rugby on Friday, March 12, 2021

საქართველოს ნაკრები ესპანეთთან

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (3 კეპი), 14. აკაკი ტაბუცაძე (8 კეპი, 30 ქულა), 13. გიორგი კვესელაძე (30 კეპი, 25 ქულა), 12. მერაბ შარიქაძე (73 კეპი, 60 ქულა), 11. დემე თაფლაძე (7 კეპი, 5 ქულა), 10. თედო აბჟანდაძე (21 კეპი, 129 ქულა), 9. გელა აფრასიძე (31 კეპი, 24 ქულა);

შერკინება: 1. ბექა გიგაშვილი (20 კეპი, 5 ქულა), 2. შალვა მამუკაშვილი (80 კეპი, 55 ქულა), 3. გია ხარაიშვილი (1 კეპი), 4. ლაშა ჯაიანი (8 კეპი), 5. დავით გიგაური (8 კეპი, 5 ქულა), 6. მიხეილ გაჩეჩილაძე (13 კეპი, 10 ქულა), 7. ირაკლი ცხადაძე (1 კეპი), 8. თორნიკე ჯალაღონია (6 კეპი, 5 ქულა);

სათადარიგოები: 16. ჯაბა ბრეგვაძე (63 კეპი, 20 ქულა), 17. გურამ გოგიჩაშვილი (19 კეპი, 5 ქულა), 18. გიორგი მელიქიძე (24 კეპი, 15 ქულა), 19. ნოდარ ჭეიშვილი (28 კეპი), 20. გიორგი თხილაიშვილი (62 კეპი, 60 ქულა); 21. მიხეილ ალანია (2 კეპი), 22. გიორგი ბაბუნაშვილი (უკეპო), 23. სანდრო თოდუა (90 კეპი, 65 ქულა).

კომენტარები

ბოლო ამბები