Thumbnail

“მთავარია, ნეიმარი იყოს კარგად!” ემერიმ ბრაზილიელზე გულახდილად ისაუბრა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • პსჟ-ს მწვრთნელმა ნეიმართან ურთიერთობაზე ისაუბრა
  • უნაი ემერის თქმით, მთელი კლუბი იმას ცდილობს, რომ ბრაზილიელი ბედნიერი იყოს

2-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ, უნაი ემერიმ ზაფხულში პსჟ უნდა დატოვოს. წასვლის წინ, ესპანელმა მწვრთნელმა გულახდილად ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა ელოდება პარიზული გრანდის მომავალ დამრიგებელს, რომელიც, დიდი ალბათობით, გერმანელი თომას ტუხელი იქნება.

“ნებისმიერმა ფეხბურთელმა თუ მწვრთნელმა უნდა იცოდეს, რა როლი აქვს ამა თუ იმ გუნდში და ვის აქვს ამ გუნდში მთავარი როლი. ჩემი აზრით, პსჟ-ში მთავარი ფიგურა ყველანაირად ნეიმარია, - აცხადებს ემერი ჟურნალ The Tactical Room-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, - უფრო ზუსტად რომ ვთქვა, პარიზულ კლუბში ყველა და ყველაფერი ნეიმარის გარშემო ტრიალებს. ბრაზილიელი პსჟ-ში იმის გამო გადმოვიდა, რომ კლუბში მთავარი ფიგურა ყოფილიყო. მისი მიზანია, რომ მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი ერქვას.”

ემერი იხსენებს, რა იყო მისი პირველი გამოწვევა მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ ნეიმარი კარიერას პსჟ-ში გააგრძელებდა: “პირველი, რაც ამ სეზონში გავაკეთე, პრიორიტეტების განსაზღვრა იყო. ვიცოდი, რომ მთავარი გამოწვევა ნეიმარის გაბედნიერება იქნებოდა. ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ის არის, რომ ბრაზილიელი ბედნიერი იყოს. მნიშვნელობა არა აქვს, როგორ მოახერხებს ამას მწვრთნელი, მთავარია ნეიმარი არა მხოლოდ კმაყოფილი, არამედ ბედნიერიც იყოს. სწორედ ეს არის მასთა ურთიერთობისა და თანამშრომლობის მთავარი დეტალი,” - ამბობს ემერი.

შეგახსენებთ, რომ 222-მილიონიანი ბრაზილიელი ფეხბურთელი 3 მარტის შემდეგ ტრავმირებულია. 26 წლის ნეიმარი ოპერაციის შემდეგ ბრაზილიაში იმყოფებოდა. პარიზში მას პარასკევს ელოდებოდნენ...

კომენტარები

ბოლო ამბები