Thumbnail

დამოუკიდებელი ქართული ჩოგბურთის ისტორიაში ეს ყველაზე ხმაურიანი გამარჯვებაა - მას მერე, რაც ირაკლი ლაბაძემ ანდრე აგასის მოუგო...

Qatar ExxonMobil Open-ის 1/4 ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი (42) ლეგენდარულ როჯერ ფედერერს (6) შეხვდა და 3:6, 6:1, 7:5 დაამარცხა! ტურნირის ნახევარფინალში ნიკა ამერიკელ ტეილორ ფრიტცს შეხვდება. 29 წლის ქართველი მასზე 10 წლით უფროს შვეიცარიელს მას მერე დაუპირისპირდა, რაც ამ უკანასკნელმა 405-დღიანი პაუზის მერე განაახლა კარიერა.  

ნიკამ როჯერი 2 საათში დაამარცხა

პირველი სეტი ფედერერმა 38 წუთში მოიგო. არადა, ნიკას ბრეიქ პოინტი პირველივე გეიმში ჰქონდა. 1:2-ზე ბასილაშვილმა მოწოდება, რომელშიც 30:0-ს იგებდა, წააგო. ნიკას მომდევნო გეიმში ორჯერ ჰქონდა დაკარგული გეიმის დაბრუნების შანსი, მაგრამ ეს მან ვერ შეძლო. მეორე სეტში ბასილაშვილმა მეტოქის პირველივე მოწოდება მოიგო და მალევე 3:0 დაწინაურდა, მიუხედავად იმისა, რომ თავის მოწოდებაზე 0:40-ს აგებდა და მეტოქეს სამი ბრეიქ პოინტი ჰქონდა. შემდეგ ნიკამ კიდევ ერთხელ აართვა როჯერს მოწოდება და სეტი გამანადგურებელი ანგარიშით დაასრულა. 

მესამე სეტში თანაბარი თამაში 3:3-ზე დაიძაბა, როცა ნიკა ფედერერის მოწოდების "აღებას" შეეცადა - 3 ბრეიქ პოინტიც ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენა. 4:5-ზე ქართველმა ჩოგბურთელმა მატჩ პოინტი გადაარჩინა. შემდეგ მეტოქის მოწოდება კიდევ ერთხელ მოიგო (მესამედ თამაშში) და გაიმარჯვა. 

შეგახსენებთ, რომ ეს ამ ჩოგბურთელების მეორე დაპირისპირებაა - პირველად ხუთი წლის წინათ, 2016 წლის იანვარში როჯერმა სამ სეტში აჯობა ნიკას ავსტრალიის ღია პირველობაზე. მაშინ ქართველმა ჩოგბურთელმა ჯამში მხოლოდ 5 გეიმის მოგება მოახერხა.   

📺 ბასილაშვილი v ფედერერი [მიმოხილვა]

კომენტარები

ბოლო ამბები