Thumbnail

'ახლაც არ ვიცი, ეს რატომ ჩავიდინე' - ტოტიმ შეცდომებზე ილაპარაკა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ფრანჩესკო ტოტიმ მძიმე დღეები გაიხსენა
  • იტალიური ფეხბურთის ლეგენდა აღიარებს, რომ ორჯერ შეცდა

რომასა და იტალიური ფეხბურთის ლეგენდა ფრანჩესკო ტოტიმ წარსული გაიხსენა და თავის საფეხბურთო კარიერაში ორი ყველაზე უარყოფითი ეპიზოდი გამოარჩია. "პუპონე" დღემდე ვერ ხვდება, რატომ შეაფურთხა 2004 წლის ევროპის ჩემპიონატზე დანიელ კრისტიან პოულსენს და რატომ ეუხეშა 2010 წელს მარიო ბალოტელის. მანამდე, ტოტიმ კორონავირუსზე ილაპარაკა, რომელიც საკმაოდ მძიმე ფორმებში და დიდხანს ჰქონდა. ფრანჩესკო იხსენებს, რომ ძალიან მძიმე დღეები გამოიარა:

"ორმხრივი პნევმონია მქონდა, 40 გრადუსი სიცხე, უწყვეტი ხველა და ყოველთვის დაღლილი ვიყავი, არც მშიოდა. ძალიან მძიმე 24 დღე გამოვიარე. ჩემს გარშემო ყველას დადებითი იყო, მაგრამ საბედნიეროდ უსიმპტომოდ, ძალიან შეეშინდათ".

ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა ფეხბურთიდან წასვლის მომენტიც გაიხსენა: "ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან ფეხბურთისთვის თავის დანებება მომიწევდა. რეალისტები უნდა ვიყოთ - 40 წლის ასაკში რთულია შესაბამის დონეზე თამაში, მაგრამ მე იძულებული ვიყავი კარიერა დამესრულებინა, ამიტომ, გამოსავალი ერთად ვიპოვეთ".

ტოტის დიდებულ კარიერას თან უსიამოვნო ეპიზოდებიც ახლდა. მაგალითად, 2004 წლის ევროპის ჩემპიონატზე მომხდარი ინციდენტი, როდესაც დანიასთან პირველი ტურის მატჩში კრისტიან პოულსენს შეაფურთხა და ამის გამო, ევრო 2004-ზე 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო. ან, თუნდაც, 2010 წელს, იტალიის თასის ფინალში მარიო ბალოტელის წინააღმდეგ ზღვარგადასული უხეშობა, როდესაც თანამემამულეს განზრახ წიხლი უთავაზა და გააძევეს. ტოტი ამ გადმოსახედიდან ყველაზე მეტად ამ ორ მომენტს ნანობს:

"ბალოტელიზე დარტყმა და პოულსენზე შეფურთხება. ეს იყო ყველაზე ცუდი რამ, რისი გაკეთებაც შემეძლო, ჩემთვის შეუფერებელი საქციელი. ჯერაც ვერ ვხვდები, როგორ შეიძლებოდა მსგავსი რამეების გაკეთება".

ტოტის პოულსენთან შელაპარაკება ძვირად დაუჯდა [2004]

შეგახსენებთ, რომ ფრანჩესკო ტოტიმ მთელი საფეხბურთო კარიერა რომაში გაატარა (1993-2017) და 786 მატჩში 307 გოლი გაიტანა. იტალიის ნაკრებში მან 1998-2006 წლებში 58-ჯერ ითამაშა და მეტოქეები 9-ჯერ დაამწუხრა, ხოლო 2006 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

კომენტარები

ბოლო ამბები