Thumbnail

'მარაკანას' სახელს უცვლიან - ბრაზილიის უდიდესი არენა პელეს სახელობის იქნება

  • გადაწყდა, რომ ბრაზილიის უდიდეს არენას ფეხბურთის მეფის სახელი ეწოდოს
  • სტადიონს ოფიციალურად 'ედსონ არანტეს დო ნასიმენტო - მეფე პელე' დაერქმევა

ბრაზილიის უდიდესი სტადიონი "მარაკანა" მსოფლიოს სამგზის ჩემპიონის პელეს სახელობის გახდება. შესაბამისი გადაწყვეტილება რიო დე ჟანეიროს შტატის საკანონმდებლო ორგანომ მიიღო. 

არენას ოფიციალურად "ედსონ არანტეს დო ნასიმენტო - მეფე პელე" დაერქმევა, გადაწყვეტილება კი ძალაში რიო დე ჟანეიროს გუბერნატორის თანმხობის შემდეგ შევა.

პელე ისტორიაში ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატი სამჯერ მოიგო - 1958, 1962 და 1970 წლებში. ბრაზილიის ნაკრებში ჩატარებულ 92 მატჩში მან 77 გოლი გაიტანა, ფეხბურთელის კარიერა კი 1977 წელს დაასრულა. 

პელე 1970 წლის მუნდიალის მოგებას ზეიმობს

პელე, რომელმაც კარიერის უდიდესი ნაწილი სან პაულუს სანტოსში გაატარა, "მარაკანაზე" ძირითადად ნაკრების შემადგენლობაში თამაშობდა. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ არენაზე შეაგდო მან კარიერის მეათასე გოლი - 1969 წელს, სანტოსის მაისურით, ვასკო და გამას კარში.

სტადიონი "მარაკანა", რომელსაც ადგილობრივი მდინარის სახელი უწოდეს, 1950 წელს, მსოფლიოს ჩემპიონატისთვის გაიხსნა, რომელსაც ბრაზილიამ უმასპინძლა. 6 ივლისს, მუნდიალის ფინალურ შეხვედრაში, რომელშიც ბრაზილიამ ურუგვაისთან წააგო (1:2), ფეხბურთის მატჩზე დასწრების რეკორდი დამყარდა - 199 854 მაყურებელი.

სტადიონს სრული რეკონსტრუქცია 2014 წლის მუნდიალისთვის ჩაუტარდა, რის შემდეგაც მისი ტევადობა 78,8 ათას მაყურებლამდე შემცირდა. ამჟამად "მარაკანაზე" საშინაო მატჩებს ფლამენგო და ფლუმინენსე, ასევე ბრაზილიის ყველა ასაკის ნაკრებები მართავენ. 

კომენტარები

ბოლო ამბები