Thumbnail

ფორმულა 1 | ‘დიდი ენცოს მენტალიტეტით’ - ფერარიმ ახალი ბოლიდი წარადგინა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

ფერარიში ახალი ერა უკვე ოფიციალურად დაიწყო.

2015-დან 2021 წლამდე ‘სკუდერია’ ახალ ბოლიდს სებასტიან ფეტელთან ერთად წარადგენდა ხოლმე, ახლა კი, იტალიელები ახალი სეზონისთვის მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონის გარეშე ემზადებიან, ახალ ბოლიდს კი, რომელიც ოფიციალურად წარადგინეს, მომავალ სეზონში (28 მარტს იწყება), შარლ ლეკლერი (23 წლის) და კარლოს საინსი (26) მართავენ.

ფეტელის ეპოქის შემდეგ ფერარის პირველ ბოლიდს SF21 ჰქვია და გარდამავალი როლი უნდა იტვირთოს. ‘სკუდერიაში’ პირდაპირ ამბობენ, რომ ჩემპიონობისთვის ბრძოლას მხოლოდ 2022 წლიდან შეძლებენ. წინა სეზონში ფერარიმ მხოლოდ მე-6 (!) ადგილი დაიკავა. 2019 წელს ძრავასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა და აეროდინამიკის თვალსაზრისით დაშვებულმა შეცდომებმა ფერარი ძალიან უკან დახია. იტალიელების თქმით, SF21 წინ გადადგმული ნაბიჯი უნდა იყოს.

რა არის ახალი ახალ ბოლიდში? პირველ რიგში აღსანიშნავია განახლებული ცხვირი. ნომრის ზემოთ თვალშისაცემია პატარა, დამატებითი ფრთები, რომელთა მსგავსი სხვა გუნდებს არ აქვთ. უდავოდ განსაკუთრებულია ფერარის ახალი ბოლიდის ფერიც! უკნიდან წინა მიმართულებით ბოლიდი უფრო ღია ფერის წითელში გადადის და იყოფა ფერით, რომელიც იტალიელთა ბოლიდებს არასდროს ჰქონიათ: ეს არის სპონსორ Phillip Morris-ის ლოგო, Mission Winnow, მწვანე ფერით.

ფერარიში ამბობენ, რომ კრიზისიდან გამოსასვლელად ძრავა სრულიად განაახლეს. გაუმჯობესებულია გაგრილებისა და დაკიდების სისტემებიც.

“2020 წელი უკან მოვიტოვეთ, მაგრამ არაფერი გვავიწყდება. წინა წელმა ჩვენ უფრო უნდა გაგვაძლიეროს. ახლა 2021 წელია და მზად ვართ სეზონისთვის, - განაცხადა ბოლიდის პრეზენტაციაზე ფერარის ბოსმა ჯონ ელკანმა, - ახალი ბოლიდის პრეზენტაცია ჩვენთვის განსაკუთრებული მომენტია. 2021 წლის ჩემპიონატი ფირმის დამაარსებლის, ენცო ფერარისსთვის დამახასიათებელი გამარჯვებულის მენტალიტეტით უნდა დავიწყოთ.”

 

კომენტარები

ბოლო ამბები