Thumbnail
  • 📅 10 მარტი | ⌚ 17:00 | ⚽ სომხეთი V საქართველო | 📺 პირველი არხი
  • ავთანდილ ასათიანის გუნდი კიდევ უფრო გაძლიერდა

საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მორიგი მატჩისთვის ემზადება, რომელსაც დღეს სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური ცენტრის დარბაზში ჩაატარებს.

ავთანდილ ასათიანის გუნდი ერევანში გუშინ ჩავიდა და მატჩისწინა ვარჯიში ჩაატარა. საქართველოს ფუტსალის ნაკრები სომხეთის დედაქალაქს 14 მოთამაშით ესტუმრა (ის, რომ სიმი საიოტი, შაგინია და გიორგი ჩიმაკაძე ვერ ითამაშებდნენ, აქამდეც ცნობილი იყო). ერევანში მყოფი ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და უახლოესი შეხვედრისთვის სრული დატვირთვით ემზადება.

საინტერესოა, რომ სომხეთის წინააღმდეგ გასამართი მეორე შეხვედრისთვის საქართველოს ფუტსალის ეროვნულ ნაკრებს კიდევ ერთი ნატურალიზებული მოთამაშე დაემატა. ავთანდილ ასათიანის გუნდს ესპანეთის პრიმერა დივიზიონში მოასპარეზე ბარსელონას სალა გარსიას თავდამსხმელი ბრუნო პეტრი შეუერთდა.

ბრუნო პეტრი ესპანურ სალა გარსიაში თამაშობს

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და სომხეთის ნაკრებებმა საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი მატჩი 5 მარტს თბილისში შედგა და მაშინ ასათიანის გუნდმა მეტოქე 5:0 გაანადგურა. იმ შეხვედრაში ჰეთ თრიკი ელისანდრომ შეასრულა, არჩილ სებისკვერაძის ანგარიშზე კი დუბლი გახლდათ.

სომხეთისა და საქართველოს ფუტსალის ეროვნულ ნაკრებთა დღევანდელი დაპირისპირება თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ჯგუფურ ეტაპზე საქართველო საფრანგეთის სომხეთისა და რუსეთის ნაკრებებთან ერთად ასპარეზობს. სამი ტურის შემდეგ ჩვენს გუნდს 4 ქულა აქვს და ჯგუფში მეორე ადგილს იკავებს.

ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც ნიდერლანდებში ჩატარდება, 16 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. 8 ჯგუფის გამარჯვებული და 6 საუკეთესო მეორეადგილოსანი ფინალური ეტაპის საგზურს ავტომატურად მოიპოვებს, კიდევ ერთი ადგილის ბედს ორი უარესი მეორეადგილოსნის ორრაუნდიანი დაპირისპირება გადაწყვეტს, ამ 15 ნაკრებს კი მასპინძელი ნიდერლანდები დაემატება, რომელიც ფინალურ ეტაპს 2022 წლის 9 იანვრიდან 6 თებერვლის ჩათვლით, ამსტერდამსა და გრონინგენში მიიღებს.

კომენტარები

ბოლო ამბები