Thumbnail

Bethesda-ს ზოგიერთი თამაში Xbox-სა და Windows-ის ექსკლუზივი იქნება

ნინო ბუ პროფილის ფოტო
ნინო ბუ
  • შესაძლოა, PlayStation-ის მფლობელებმა Bethesda-ს თამაშები ვეღარ შეიძინონ
  • X Box-ის Ceo-მ, ფილ სპენსერმა, ამის შესახებ ტვიტერზე ისაუბრა 
  • Microsoft-მა Bethesda-ს მფლობელი კომპანია, ZeniMax Media, 2020 წლის სექტემბერში იყიდა

ამ კვირაში, დეველოპერული სტუდია Bethesda ოფიციალურად გახდა Microsoft-ის კორპორაციის ნაწილი. შეგახსენებთ, რომ სტუდია Bethesda Softworks-ის მფლობელი კომპანია, ZeniMax Media, ტექნოლოგიურმა გიგანტმა გასული წლის სექტემბერში იყიდა და მასში 7,5 მილიარდი დოლარი გადაიხადა. Bethesda Softworks ისეთი კლასიკური თამაშების ავტორია, როგორიცაა: The Elder Scrolls, Fallout, Dishonored, DOOM და სხვა.

რა საკვირველია, გეიმერებს შორის მაშინვე გაჩნდა იმის შიში, რომ Bethesda-ს თამაშები, Xbox-სა და Windows-ის ექსკლუზივად იქცეოდა, თუმცა, მაშინ სტუდიის დირექტორმა, ტოდ ჰოვარდმა განაცხადა, რომ ასეთი რამ არ მოხდებოდა.

''რა მნიშვნელობა აქვს, კონსოლზე თამაშობ თუ პერსონალურ კომპიუტერზე? სამყაროში უამრავი ადამიანია გეიმინგით გატაცებული და ყველას ყველა თამაშზე არ მიუწვდება ხელი. ჩვენ კი ამის შეცვლა შეგვიძლია. ჩვენ გვაერთიანებს ღრმა რწმენა იმისა, რომ თამაშებს დიდი ძალა აქვს და მიუხედავად იმისა, სად ცხოვრობ, რა ასაკის ხარ, თუ შენთვის ჩვენი თამაშები მნიშვნელოვანია, ისინი ხელმისაწვდომიც იქნება.'' წერდა გასულ სექტემბერს Bethesda-ს ვებ-გვერდზე ტოდ ჰოვარდი.

Bethesda-ს პორტფოლიოშია Elder Scrolls, Fallout, Doom, Dishonored, Wolfensten, Evil Within და სხვა

თუმცა, რამდენიმე თვის შემდეგ, Microsoft სულ სხვა მინიშნებებს გვაძლევს. Xbox-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ფილ სპენსერმა, დღეს, საკუთარ ტვიტერზე, შემდეგი პოსტი გაავცელა:

''ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ჩვენ ერთ-ერთი საუკეთესო და ინდუსტრიის ლიდერი სტუდიების გაერთიანება ვართ და ჩვენი ვალია, Xbox-ის მოყვარულებს იმედი არ გავუცრუოთ. Bethesda-ს გუნდის ჩვენს კომპანიაში გაერთიანება იმას ნიშნავს, რომ, ამის შემდეგ, Bethesda-ს თამაშების გამოსაცდელად, საუკეთესო საშუალება, ჩვენი საკუთარი პლატფორმები: Xbox-სა და Windows PC იქნება. ეს, რა საკვირველია, Bethesda-ს მომავალ თამაშებსაც ეხება: ზოგიერთი მათგანი ჩვენი მომხმარებლებისთვის ექსკლუზივი იქნება.''

ცნობილი არ არის, კონკრეტულად რომელ თამაშებს გულისხმობს სპენსერი, ან დროებითი იქნება მათი ექსკლუზივობა თუ სამუდამო. იმის გათვალისწინებით, რომ Bethesda-ს პორტფოლიოშია Elder Scrolls, Fallout, Doom, Dishonored, Wolfenstein, Evil Within, Prey და სტუდია ახალ ფრენჩაიზ Starfield-ზეც მუშაობს, ფანებს ნერვიულობის საბაბი ნამდვილად აქვთ. ერთი შეხედვით, დაუჯერებლად ჟღერს, რომ ასეთი პოპულარული თამაშები Microsoft-მა PlayStation-ის მფლობელებზე აღარ გაყიდოს. 

Microsoft-ის განცხადებით, Bethesda-ს სამომავლო გეგმებზე სულ მალე შევიტყობთ. ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარასკებს, 12 მარტს, ონლაინ პრესკონფერენცია იგეგმება, სადაც ახალ თრეილერებს ვიხილავთ, მათ შორის Elder Scrolls VI-ის თრეილერსაც, რომელსაც გეიმერები რამდენიმე წელია ელოდებიან. პრეზენტაციის ზუსტი დრო, ჯერჯერობით, უცნობია. 

კომენტარები

ბოლო ამბები