Thumbnail

იუვენტუსის კრახი - პორტუ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალშია

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • იუვენტუსი 3:2 პორტუ
  • პორტუგალიელები მომდევნ ეტაპზე სტუმრად მეტი გატანილი გოლით გავიდნენ

ჩემპიონთა ლიგა კრიშტიანო რონალდოს და იუვენტუსის გარეშე დარჩა! ტურინულმა გრანდმა პორტუსთან სტუმრად 1:2 წაგების შემდეგ შინ ვერ მოახერხა იმ ანგარიშით მოგება, რაც მომდევნო ეტაპზე გაიყვანდა და პორტუგალიური გრანდი აგრძელებს ბრძოლას, იუვეს კომშარი კი გრძელდება.

იუვენტუსმა პირველი შანსი მატჩის დასაწყისშივე მიიღო, მაგრამ ალვარო მორატას თავური დარტყმა აგუსტინ მარჩესინმა მოიგერია. შემდეგ კი იუვეს თამაშის სადავეები ხელიდან გაექცა და პორტუგალიელები მეტოქის ნახევარზე ძალაინ სახიფათოდ მოქმედებდნენ, რამაც შედეგი გამოიღო. მე-18 წუთზე მერიჰ დემირალმა საჯარიმოში მეჰდი ტარემი წააქცია და პენალტი დაინიშნა, რომელიც სერჟიო ოლივეირამ გოლად აქცია. პირველ ტაიმში ანდრეა პირლოს გუნდმა ვერაფერი შეცვალა და პორტუ თავს ძალიან მწყობრად და კარგად იცავდა, თუმცა მე-2 ნახევარში ყველაფერი შეიცვალა.

49-ე წუთზე ლეონარდო ბონუჩის გრძელი პასი კრიშტიანო რონალდომ მიიღო და ერთი შეხებით ფედერიკო კიეზას დაუგდო ბურთი, იტალიელმა შემტევმა გაათანაბრა და ტურინელები თამაშში დააბრუნა. ზოგადად, კიეზა მე-2 ტაიმში ფანტასტიკური იყო და სულ მალე დუბლის შესრულებაც შეეძლო, მეკარეც მოატყუა, მაგრამ ცარიელი კარის წინ პეპემ ხელი შეუშალა და ბურთი ძელს მოხვდა. იტალიის ჩემპიონმა კიდევ ერთი უპირატესობა 54-ე წუთზე მოიპოვა, როდესაც მეჰდი ტარემმა ორწუთიან ინტერვალში ორი ყვითელი ბარათი მიიღო და თავისი გუნდი კაცნაკლული დატოვა. ეს უპირატესობა ტურინელებმა მალევე გამოიყენეს. 63-ე წუთზე კიეზამ დუბლი შეასრულა და ორი მატჩს ჯამში სრული თანაფარდობა - 3:3.

რონალდო თამაში ჩააგდო და ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობა

ძირითად დროში იუვეს კიდევ ჰქონდა გატანის შანსი, მაგალითად კუადრადოს, რომლის დარტყმა ხარიხას მოხვდა, მაგრამ გოლი არ გასულა და დამატებითი დრო დაინიშნა, სადაც ნამდვილი დრამა გათამაშდა. პირველ 15-წუთეულში გოლი არ გასულა, მაგრამ მეორე დამატებით ტაიმში გოლები გავიდა. სერჟიო ოლივეირამ პენალტის შემდეგ ვოიცეხ შჩესნის ჯარიმაც გაუტანა და ყველაფერი გადაწყვიტა. იტალიურ გრანდს აუცილებლად ორი გოლი უნდა გაეტანა, რაც უმძიმესი ამოცანა იყო და ვერც გაიტანა. საპასუხო შეტევაში ადრიენ რაბიომ ერთი ბურთი შეაგდო და ბოლო 5 წუთი ვითარება დაიძაბა, მაგრამ იუვემ ვეღარ მოახერხა მომდევნო ეტაპზე გამსვლელი გოლის გატანა და პორტუ 1/4-ფინალში სტუმრად გატანილი გოლით გავიდა. უნდა ითქვას, რომ ზედ ბოლო წუთზე პორტუ აგუსტინ მარჩესინმა ბრწყინვალე სეივით თავისი გუნდი იხსნა ზოგადად, არგენტინელმა მეკარემ მაგარი თამაში ჩაატარა და არაერთხელ გაიბრწყინა.

იუვენტუსმა კი ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი კრახი განიცადა და მთავარ ევროპულ საკლუბო ტურნირს პლეი ოფის პირველივე სტადიაზე ზედიზედ მეორედ გამოეთიშა და თანაც როგორ - აშკარა ფავორიტის რანგში: შარშან ლიონთან და წელს პორტუსთან.

იუვენტუსი 3:2 პორტუ

გოლები: 0:1 ოლივეირა (19-პენ), 1:1 კიეზა (49), 2:1 კიეზა (63), 2:2 ოლივეირა (115), 3:2 რაბიო (117)

იუვენტუსი (4-4-2): შჩესნი - კუადრადო, დემირალი, ბონუჩი (75. დე ლიხტი), ალექს სანდრო - რემზი (75. მაკკენი), რაბიო, არტური (102. კულუშევსკი), კიეზა (102. ბერნარდესკი) - რონალდო, მორატა

პორტუ (4-4-2): მარჩესინი - მანაფა, მბემბა, პეპე, ზაიდუ (71. დიასი)  - კორონა, ოლივეირა, ურიბე (90. გრუიჩი), ოტავიო (62. სარი) - მარეგა (105. მარტინესი), ტარემი

კომენტარები

ბოლო ამბები